Friday, November 20, 2009

”ფოლკსვაგენ გოლფი” ევროპული გაყიდვების ლიდერია

Volkswagen Golf Leads Europe Sales

20 ნოემბერი

ავტო ინდუსტრიის ანალიტიკურ-საკონსულტაციო სააგენტო JATO-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს, ”ფოლკსვაგენი” ევროპის ყველაზე გაყიდვადი ბრენდია. მისი ეს წარმატება კი უახლესი ”პოლოსა” და ”გოლფის” პოპულარობამ განაპირობა. ამასთან, ”გოლფმა” თავის კლასში კვლავ ბესტსელერის წოდება დაიმსახურა.

ვოლფსბურგელთა სამოდელო გამაშიც, ”გოლფი” ყველაზე გაყიდვადი მოდელია. ოქტომბრის ბოლოსთვის, ”ფოლკსვაგენს” ევროპაში 1 386 694 ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, რომელთაგან 18 პროცენტი (ანუ 249 150 ავტომობილი) ”გოლფი” იყო. ამ ჰეჩბეკს ევროპის ბაზარზე პირველობას ”ფორდ ფოესტა” ეცილება, რომლის გაყიდვებმაც ოქტომბერში 61.7 პროცენტით მოიმატა.

ბრენდებს შორის, ”ფოლკსვაგენი” კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას. მოწინავე ათეულში მეორე ადგილი ”რენოს” უკავია, რაშიც მას მოდელების, ”კლიოსა” და ”მეგანის” პოპულარობა ეხმარება. შესამჩნევი წინსვლა აქვს ”ფიატს”, რომელმაც ევროპაში გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა.

სააგენტოს შეფი დავიდ დი ჯიროლამო ამბობს, რომ ავტობიზნესი კრიზისიდან გამოსვლას და გაჯანსაღების ფაზაში გადასვლას იწყებს, მაგრამ სიტუაციის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა ახალ ავტომობილებზე ჯერ ნელა იზრდება და ის კრიზისამდელ დონეს ჯერ არ დაბრუნებია.

დი ჯიროლამოსვე თქმით, ახალ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში არ ფიქსირდება, რადგან ამ რეგიონის ქვეყნებს გაყიდვების სტიმულირებისთვის თავისუფალი სახსრები არ გააჩნიათ. სამაგიეროდ, დასავლეთის ქვეყნები შეღავათების გაცემას მანამ გააგრძელებენ, სანამ რეალური მოთხოვნა გაიზრდება.

კარლოს გონი ისევ ”ჯენერალ მოტორსს” მისტირის

Carlos Ghosn

20 ნოემბერი

”რენოსა” და ”ნისანის” მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი აცხადებს, რომ მის კომპანიებსა და ”ჯენერალ მოტორსს” შორის არშემდგარ ტრბსკონტინენტურ ალიანსს ამერიკული გიგანტის გაკოტრებისგან ხსნა შეეძლო.

2006 წელს, სამ კომპანიას შორის ალიანსის შექმნის კონტრაქტი თითქმის მომზადდა, მაგრამ იმავე წლის ოქტომბერში, ”გენერლებმა” მასზე უარი თქვეს, რითაც ძლიერ გაანაწყენეს რამდენიმე მსხვილი ინვესტორი, მათ შორის, ამერიკელი მილიარდერი კირკ კერკორიანი.

”რენო-ნისანმა” კრიზისს შედარებით იოლად დააღწია თავი და ახლა აღმავლობას განიცდის. ”ჯენერალ მოტორსმა” კი წელს გაკოტრების სიმწარე გამოსცადა, თუმცა კრიზისი მანაც გადალახა და ახლა ისიც აღმავლობის გზაზეა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თავისი ბრენდების რაოდენობა ოთხამდე შეამცირა. ამასთან, კრიზისის დასაძლევად, მთავრობისგან დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდე მიიღო.

კითხვაზე, ”რენო-ნისანის” დახმარებით, ”ჯენერალ მოტორსი” შეძლებდა თუ არა კრიზისის დაძლევას, გონი უყოყმანოდ პასუხობს: ”უეჭველად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი გეგმა იმუშავებდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორმხრივი, პარტნიორული მცდელობა იქნებოდა”.

გამოცემა ”დეტროიტ ნიუსთან” საუბრისას, გონმა განაცხადა, რომ ”ჯენერალ მოტორსის” სიტუაციას ყველა ავტომწარმოებელი, მათ შორის, ”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსიც, დიდი შიშით აკვირდებოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფრანგულ-იაპონურ კომპანიას ბევრი ისეთი მიმწოდებელი ჰყავს, რომელიც ნაწილებით და მაკომპლექტებლებით ამერიკულ გიგანტსაც ამარაგებს. ”გენერლების” კრახი კი მიმწოდებლების კრახს გამოიწვევდა, რომელთა გარეშეც, ვერც ”რენო” და ვერც ”ნისანი”, ერთი ავტომობილის გამოშვებასაც ვერ შესძლებდნენ.

ფონი დარწმუნებულია, რომ ავტოსექტორმა კრიზისი უკვე დაძლია და ძალების მოკრებას იწყებს. მაგრამ მასვე სჯერა, რომ დიდი ავტომწარმოებლებისთვის უმჯობესი იქნება, თუ ისინი თავიანთ შესაძლებლობებს ნაკლებ ბრენდს და ნაკლები მოდელის წარმოებას მოახმარენ. ამ შემთხვევაში, ისინი ბრენდების იდენტურობასაც შეინარჩუნებენ და ნაკლები ინვესტირებაც დასჭირდებათ.

”ოპელის” რესტრუქტურიზაციის გეგმა დეკემბერში გამოქვეყნდება

Opel Restructuring Plan Coming in December

20 ნოემბერი

”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს დროებითი შეფი ნიკ რილი ამბობს, რომ ამერიკული ავტოგიგანტი, ”ოპელის” რესტრუქტურიზაციის გეგმას დეკემბერში გამოაქვეყნებს. თუმცა ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ გერმანული კომპანიის რეორგანიზაცია ”მაგნას” მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით განხორციელდება.

ამ გეგმის მიხედვით, ”ოპელის” ევროპული ქარხნების თანამშრომელთა რაოდენობა 10 000-ით შემცირდება, წარმოების მოცულობა კი 20-25 პროცენტით დაიკლებს. ”ჩვენი გეგმა ძლიერ ჰგავს ”მაგნასას”. ყოველ შემთხვევაში, მასზე უარესი არ იქნება”, - ამბობს რილი.

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში, ”ჯენერალ მოტორსმა” ”ოპელის” ”მაგნასთვის” მიყიდვა გადაიფიქრა და ახლა, მისი რესტრუქტურიზაციის განხორციელებას საკუთარი ფულადი სახსრებით ეცდება. მაგრამ ამერიკულ კომპანიას იმ ევროპული ქვეყნების მთავრობათა მხარდაჭერის იმედიც აქვს, სადაც ”ოპელის” ქარხნები მუშაობს.

ბევრი მიმომხილველი თვლის, რომ ”ჯენერალ მოტორსის” ამგვარ ქმედებაში აშშ-ის მთავრობაა ჩარეული. ამის მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ მთავრობას ავტომწარმოებლის აქციების მსხვილი პაკეტი ეკუთვნის. მაგრამ ამ ვარაუდს უარყოფს რონ ბლუმი, ამერიკის მთავრობის ოფიციალური პირი, რომელიც სათავეში ედგა ”ჯენერალ მოტორსის” და ”კრაისლერის” გაკოტრების კომისიებს. მისი თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია თავადაც გაოცებული დარჩა ”გენერლების” ამგვარი გადაწყვეტილებით. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ”ჯენერალ მოტორსი” აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს.

”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობა საქართველოში

Volksvagen-Georgia

20 ნოემბერი

საქართველოში სტუმრად იმყოფება მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის, გერმანულ კონცერნ ”ფოლკსვაგენის” რეგიონული ხელმძღვანელობა - ”ფოლკსვაგენის” აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული განყოფილების დირექტორი ალექსანდრ ზატენმაიერი (ზედა სურათზე მარცხნივ) და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გაყიდვების უფროსი თომას მოიზერი (ზედა სურათზე მარცხნიდან მეორე) იმყოფებიან.

მათი ძირითადი მიზანი საქართველოს საავტომობილო ბაზრის, მისი ტენდენციების შესწავლა და სამომავლოდ, სამოქმედო გეგმის შესადგენად, საჭირო მონაცემების შეგროვებაა. გერმანული ავტოგიგანტის რეგიონულ ხელმძღვანელებს საქართველოში ”ფოლკსვაგენის” პროდუქციის დისტრიბუტორმა, ”იბერია ბიზნეს ჯგუფში” შემავალმა კომპანია ”კრეს აუტოჰაუსმა” უმასპინძლა.

გუშინ კი სტუმარ-მასპინძელმა ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც, საუბარი ვიზიტის მიზნებსა და პარტნიორების სამომავლო გეგმებს შეეხო.

პრესკონფერენცია ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს საავტომობილო ბაზარს, ბოლო ხანს გამოცოცხლება დაეტყო და იმედი გამოთქვა, რომ მერმის, გაყიდვების მოცულობა ომამდელ დონეს მიუახლოვდება, რაშიც თავის როლს, ბოლო თვეებში გააქტიურებული ბანკებიც შეასრულებენ.

ბატონი მოიზერის განცხადებით, ”კრეს აუტოჰაუსი” ”ფოლკსვაგენის” რეგიონულ პარტნიორებს შორის ყველაზე წარმატებული საქმიანობით გამოირჩევა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასევე იქნება.

მანვე სპეციალური ჯილდო - ოქროს ნემსი გადასცა ”კრეს აუტოჰაუსის” ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან და გამოცდილ თანამშრომელს, კომპანიის კომერციულ დირექტორ ნინო შანავას (ქვედა სურათზე), რომელსაც ”ფოლკსვაგენის” ქართულ წარმომადგენლობაში მუშაობის ათწლიანი სტაჟი დაუგროვდა.

”24 საათის” კითხვაზე, აპირებს თუ არა ”ფოლკსვაგენი” იმ ავტომობილის საქართველოში შემოტანას, რომელიც სპეციალურად, დსთ-ის ბაზრებისთვის, პოპულარულ ჰეჩბეკ ”პოლოს” ბაზაზე მზადდება, ბატონმა მოიზერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერაც განხილვის საგანია, თუმცა არ გამორიცხა, რომ მომავალში ეს ავტომობილი შეიძლება საქართველოშიც შემოიტანონ. მანვე განაცხადა, რომ ამ ავტომობილს რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარე ქარხანა გამოუშვებს, სადაც დღეისათვის გერმანული კონცერნი თავისი სამოდელო გამის თითქმის ყველა ძირითად ავტომობილს აწარმოებს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ სადაა დამზადებული ავტომობილი. ”თუ ავტომობილს ”ფოლკსვაგენის” მარკა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთივე ხარისხიანი იქნება, როგორც ვოლფსბურგში გამოშვებული ავტომობილები”, - განაცხადა ბატონმა მოიზერმა.

მისივე თქმით, ახალი უნივერსალური პლატფორმა, რომელსაც ამჟამად ”ფოლკსვაგენი” ამუშავებს და რომელსაც პირველად ალბათ ”აუდი A3-ზე” გამოიყენებენ, კონცერნს ახალი მოდელების შემუშავებისას, დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მისცემს. თუმცა, ეს ავტომობილების გასაყიდ ფასზე ნაკლებად აისახება. სამაგიეროდ, გამოთავისუფლებულ სახსრებს, კონცერნი ახალი - ჰიბრიდული და ელექტრომობილების ტექნოლოგიების შემუშავებისას გამოიყენებს.