Saturday, September 12, 2009

აუდი R8 სპაიდერი

Audi R8 Spyder

12 სექტემბერი

ფრანკფურტის წლევანდელ ავტო შოუზე ”აუდისთვის” ახალი საუკუნე იწყება. ამ ახალ დასაწყისს გერმანული კომპანია განახლებული ლოგოთი და სხვა ახალ მოდელებთან ერთად, თავისი სიამაყის, სპორტული R8-ს ღია ვერსიის, ”R8 სპაიდერის” პრემიერით იწყებს.

”აუდიმ” ამ ავტომობილის ფოტოები სხვისი ხელით, ”შემთხვევით” ინტერნეტით გაავრცელა, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია ფრანკფურტისთვის შეინახა. მაგრამ ვარაუდები მაინც კეთდება და საინტერესოა, რამდენად გამართლდება ისინი შოუს დროს.

მაგალითად, პოპულარული საავტომობილო ბლოგი ”ქარსკუპი” გვატყობინებს, რომ ”R8 სპაიდერი” მხოლოდ 5.2-ლიტრიანი V10 ძრავით აღიჭურვება (კუპესძარიან ვერსიაზე 4.2-ლიტრიანი V8-ც გვხვდება), 525 ცხენის ძალას და 530 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ აგრეგატით, ავტომობილმა 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.9 წამში უნდა მოასწროს. რამდენი იქნება მისი მაქსიმალური სიჩქარე? ალბათ კუპესაზე ნაკლები, რადგან ”სპაიდერის” წონა გაზრდილია (საჭირო სიხისტის უზრუნველსაყოფად, მის ძარას დამატებითი ელემენტები აქვს).

”R8 სპაიდერის” გარდა, ფრანკფურტში ”აუდის” პავილიონში ასევე უახლესი ”A5 სპორტბეკის” და A5-ის ყველაზე მძლავრი მოდიფიკაციის, RS5-ის ნახვა იქნება შესაძლებელი.

ფრანკფურტში ”რენო” ოთხი ელექტრონული კონცეპციით გამოვა

Renault’s Four Electric Concepts

12 სექტემბერი

სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, ფრანკფურტის ავტო შოუს დამთვალიერებლები ”რენოს” სიახლეებსაც იხილავენ, რომელთაგან კომპანიის პავილიონში ცენტრალურ ადგილს ოთხი, სხვადასხვა კლასის ელექტრომობილი დაიკავებს.

სამაგიეროდ, სხვებისგან განსხვავებით, ფრანგული კომპანია თავის ოთხ ელექტრონულ მუშკეტერზე წინასწარ არაფერს ყვება. მხოლოდ ფოტო ტისერი გაავრცელა, რომელიც ზემოდანაა გადაღებული და რომელზეც ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი ელექტრომობილები ჩანს.

ამ ოთხეულიდან უპირველესად ყურადღებას ყველაზე პატარა იქცევს, რომელიც როგორც ჩანს, მხოლოდ ერთ ადამიანზეა გათვლილი და არც საბარგული გააჩნია. ის ადგილი კი, სადაც მეორე ადამიანის, ან ბარგის მოთავსება შეიძლებოდა, აკუმულატორებისთვისაა გამოყოფილი.

მეორე ავტომობილი სამკარიანი უნა იყოს და მას სახურავზე მზის ელემენტები აქვს დამონტაჟებული. ამ ელემენტების მეშვეობით, მზიან ამინდებში ძრავი აკუმულატორებისგან უფრო მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას გახარჯავს. ამ მანქანაში ოთხი ადგილი უნდა იყოს, მაგრამ ბარგს ისევ ვერსად ჩადებთ. ზომით მეორესთან ახლოსაა მესამე ავტომობილი, ყველაზე დიდი კი ბოლოა, რომელიც საოჯახო ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს

ამ ოთხეულის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ავტოშოუს დაწყებისას შევიტყობთ.

”ტოიოტას” პლაგ-ინ ჰიბრიდული პრიუსი ფრანკფურტამდე

Toyota Prius Plug-In Hybrid Concept

12 სექტემბერი

სამი დღეც და ფრანკფურტის საავტომობილო შოუ დამთვალიერებლების მასპინძლობას შეუდგება. მისი მონაწილენი კი აგრძელებენ თავიანთი სიახლეების შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის გავრცელებას. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს უდიდესი ავომწარმოებელი ”ტოიოტაა”, რომელმაც გამოფენისთვის თავისი პოპულარული ჰიბრიდის, ”პრიუსის” პლაგ-ინ ვერსია მოამზადა.

ამ ავტომობილით, რომელიც მესამე თაობის ”პრიუსის” ბაზაზეა დამზადებული, იაპონური კომპანია ”შევროლე ვოლტთან” და ამის გერმანულ ანალოგ ”ოპელ ამპერასთან” კონკურენციას გეგმავს. სწორედ ამიტომ აღჭურვა ის ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ სისტემით, რომელიც აკუმულატორების საყოფაცხოვრებო ქსელიდან დამუხტვის საშუალებას იძლევა.

გარეგნულად კონცეპტუალურ ავტომობილს სერიული ”პრიუსისგან” მხოლოდ გაფორმება განასხვავებს. სამაგიეროდ, შიგნიდან ის სულ სხვა ავტომობილია. ანუ, მას განსხვავებული აღჭურვილობა აქვს და ”ტოიოტა” იმედოვნებს, რომ ამ აღჭურვილობას მეოთხე თაობის ”პრიუსზე” გამოიყენებს.

კონცეპტუალური ავტომობილის ძირითადი აგრეგატი 1.8-ლიტრიანი შიდაწვის ძრავია, რომელიც 97 ცხენის ძალას იძლევა. მასთან წყვილში მუშაობს მუდმივმაგნიტებიანი სინქრონული ელექტროძრავი, რომლის სიმძლავრეც 79 ცხენის ძალას აღწევს. ეს უკანასკნელი ელექტროენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორისგან ღებულობს.

როცა მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით გადაადგილდება, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 100 კმ/სთ-ია, აკუმულატორის ენერგია კი მას მხოლოდ 20 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის. აშკარად ცოტაა. თუმცა შედარებისთვის, ახლანდელ ”პრიუსს” მხოლოდ ელექტროძრავით 16 კილომეტრის გავლა შეუძლია. და მაინც, ეს მას პოპულარობაში ხელს არ უშლის.

როდესაც კომბინირებული ციკლით მოძრაობს, ავტომობილი ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 60 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. სხვათა შორის, მონიტორზე მუდმივად იწერება, თუ რა შემცველობის გამონაბოლქვი აქვს ჰიბრიდულ აგრეგატს. ეს კი იმის ნიშანია, რომ ”პრიუსი” გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებაზე ”ზრუნავს”.

იაპონური კომპანია მერმის პირველ 500 ცალ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ”პრიუსს” დაამზადებს, რომელთაგან მესამედი იაპონიაში, ამდენივე აშშ-სა და ევროპაში გაიყიდება. პირველი პარტიის დანიშნულება ისაა, რომ ”ტოიოტამ” მათი მეშვეობით, მომხმარებლის აზრი შეისწავლოს და ამის მიხედვით, ამ ავტომობილის წარმოება დაგეგმოს.