Wednesday, July 1, 2009

”მაზდა” სუბკომპაქტურ როდსტერს გამოუშვებს

Mazda MX-2

1 ივლისი

იაპონური კომპანია ”მაზდა” 2012 წლისთვის ახალი, სუბკომპაქტური და ფასით ხელმისაწვდომი როდსტერის გამოშვებას გეგმავს, რომელიც მის სამოდელო გამაში, ადგილს პოპულარულ MX-5-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს.

ბრიტანულ გამოცემა ”აუტოექსპრესის” ცნობით, რომელიც ”მაზდას” ინკოგნიტო წყაროს ეყრდნობა, ახალ ავტომობილს MX-2-ს დაარქმევენ. იმავე წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას იაპონური კომპანია საზოგადოებას უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ ფრანკფურტის შოუზე უჩვენებს.

ახალი როდსტერი მცირელიტრაჟიანი, ეკონომიური ძრავებით აღიჭურვება. მათი მუშა მოცულობა 0.7-დან 1.6-ლიტრამდე იქნება, ყველაზე მძლავრი ძრავის სიმძლავრე კი 160 ცხენის ძალას მიაღწევს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილის წონა 1 000 კილოგრამზე ნაკლები უნდა იყოს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის შედარებით მძლავრ ავტომობილებზე მანევრული იქნება.

იგივე წყარო ირწმუნება, რომ ახალი, პატარა როდსტერი კონცეპტუალური ”ფურაის” (სურათზე მისი წინა სეგმენტი ჩანს) დიზაინის ზოგიერთ ელემენტს მიიღებს. ოღონდ, მისგან განსხვავებით, ნაკლებად აგრესიული იერი ექნება.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ”მაზდა” ასევე აპირებს მომდევნო თაობის MX-5-ის (იგივე მიატას) წარმოების დაწყებას. უკვე ცნობილია, რომ ეს ისედაც კომპაქტური მოდელი ზომებში კიდევ უფრო შემცირდება, მისი წონა კი 10 პროცენტით დაიკლებს. ავტომობილი 1.4 და 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავების განახლებულ გამას მიიღებს. ამასთან, ახალ MX-5-ზე ძრავი ისევ წინ განლაგდება, წამყვანი კი ისევ უკანა ბორბლები იქნება.

”დოჯი” ”ალფას” მარკით და პირიქით

1 ივლისი

”კრაისლერის” ახალი მფლობელი - იტალიური ”ფიატი” ამერიკული კომპანიის რესტრუქტურიზაციას აგრძელებს. ამიერიდან ”კრაისლერის” ბრენდ ”დოჯის” ავტომობილები ევროპაში ”ალფა რომეოს” მარკით გაიყიდება, აშშ-ის ბაზარზე კი პირიქით - საკუთარ სადილერო ქსელში, ”დოჯი” ”ალფა რომეოს” ავტომობილებს საკუთარი მარკით გაჰყიდის.

ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას, ”ფიატის” მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ, ვინც იმავდროულად, ”კრაისლერის” მთავარი აღმასრულებელიცაა, განაცხადა, რომ ”ალფა რომეოს” და ”დოჯს” ბაზარზე თითქმის ერთნაირი პოზიცია უკავია და ერთიდაიმავე მყიდველზეა ორიენტირებული. ამიტომ, ერთსადაიმავე ბაზარზე ორივე მარკის გამოჩენა შიდა კონკურენციას გაზრდის, რაც არასასურველია.

”ჩვენი მიზანი შიდა კონკურენციის გამორიცხვა, ან მინიმიზაციაა. ”დოჯი” ამერიკული მასკლ ქარების მწარმოებელია, ”ალფა რომეო” კი - იტალიურის. და ისინი ერთ ბაზარზე რომ გავუშვათ, ერთმანეთს დიდ კონკურენციას გაუწევენ, რადგან ისინი მყიდველის ერთსადაიმავე კატეგორიაზე არიან ორიენტირებულნი. ამის დაშვება კი ჩვენ არ შეგვიძლია”, - ამბობს მარკიონე.

შეგახსენებთ, რომ ”ფიატმა” გაკოტრებული ამერიკული კომპანია ერთი თვის წინ იყიდა. იტალიური კომპანია ახალი ”კრაისლერის” აქციების 20 პროცენტს დაეუფლა, თუმცა თავისი წილის 35 პროცენტამდე გაზრდის უფლება აქვს. ისე კი, ”კრაისლერის” უმსხვილესი აქციონერი ამერიკული ავტოპროფკავშირების გაერთიანებაა, რომელსაც კომპანიის აქციების 55 პროცენტი ეკუთვნის.

ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა ეს მიდგომა ”ალფა რომეოს” საიმიჯო სუპერავტომობილ ”8C კომპეტიციონეს” (სურათზე) და ”დოჯის” ”ვაიპერს”. სავარაუდოდ, ორივე ეს მოდელი გლობალური მასშტაბით შეინარჩუნებს იდენტობას. თუმცა, გამორიცხული არც ისაა, რომ ”ვაიპერი”, როგორც ცალკეული ბრენდი, გაიყიდოს.

ვილნევი ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე ოცნებობს

Formula 1

1 ივლისი

მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონმა, კანადელმა ჟაკ ვილნევმა განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე ოცნებობს. ვილნევი ფორმულა 1-დან 2006 წელს წავიდა. ის სეზონი მისთვის უკიდურესად წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც, ჩემპიონატის ბოლო ექვს ეტაპზე, ”ბეემვე ზაუბერში” მისი მონოპოსტი პოლონელმა რობერტ კუბიცამ დაიკავა.

საინტერნეტო გამოცემა ”ფლაგუორლდის” ცნობით, დიდი პრიზების ცირკიდან წასვლის შემდეგ, ვილნევის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ის თავისი ორი ბიჭის აღზრდითაა დაკავებული, შიგადაშიგ კი სხვადასხვა სერიების რბოლებშიც მონაწილეობს.

ამასთან, ვილნევმა სრულებით გაწყვიტა კავშირი თავის ყოფილ მენეჯერ კრეიგ პოლოკთან, ვისთან ერთადაც, 1999 წელს გუნდი ”ბრიტიშ ამერიკენ რეისინგი” (შემდგომში ჰონდა და ბრაუნ GP) ჩამოაყალიბა. სხვათა შორის, ბევრი იმ ფაქტს, რომ გაჩემპიონების შემდეგ, ვილნევის კარიერა უკან-უკან წავიდა, სწორედ პოლოკთან მის ახლო ურთიერთობას მიაწერს.

”ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისათვის, რომ კარიერას წერტილი დავუსვა. არც მოტივაცია მაკლია და არც ბრძოლის ჟინი”, - ამბობს ვილნევი, ვინც ხანდახან, საავტომობილო რბოლების გარდა, მოტოქროსის რბოლებშიც მონაწილეობს. 11 ივლისს კი ის მონაწილეობას ნასქარ-ის სერიის კანადურ ეტაპზე მიიღებს.

კულუარებში მოარული ხმების მიხედვით, კანადელი ავტომრბოლი მოლაპარაკებას ფ1-ის ახალ გუნდთან, ამერიკულ US F1-თან აწარმოებს, რომელიც თავისი დებიუტისთვის, გამოცდილი და სპონსორებისთვის საინტერესო პილოტის მიწვევით უნდა იყოს დაინტერესებული.

სურათზე: ჟაკ ვილნევი და მისი მეუღლე იოანა

კონკურენტებზე უფრო სპორტული ”ვოლტი”

Chevy Volt

1 ივლისი

”ჯენერალ მოტორსის” მიერ ფართოდ რეკლამირებული პროექტი შევროლე ვოლტი” უკვე იმ ეტაპზე იმყოფება, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. ავტომობილის რამდენიმე ათეული პროტოტიპი სრულმასშტაბიან ტესტირებას კომპანიის უორენის (შტატი მიჩიგანი) სატესტო პოლიგონზე გადის, ”გენერლების” მარკეტოლოგები კი უკვე ფიქრობენ იმ სარეკლამო ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც, ავტომობილი ბაზარზე ისეთ ძლიერ მეტოქეებთან კონკურენციას შეძლებს, როგორებიც ”ტოიოტა პრიუსი” და ”ჰონდა ინსაითია”.

პროექტის მთავარი ინჟინერი ენდრიუ ფარა ამბობს, რომ ”ვოლტი” თავის კონკურენტებთან შედარებით, ”ტოიოტა პრიუსთან” და ”ჰონდა ინსაითთან” შედარებით, უფრო სპორტული ავტომობილი იქნება და აქედან გამომდინარე, პოპულარობას ახალგაზრდა მყიდველთა შორის მოიპოვებს.

ფარამ ასევე განაცხადა, რომ წინასერიულ ვერსიასთან შედარებით, ”ვოლტის” საწარმოო ვერსიამ მცირე გარეგნული ცვლილებაც განიცადა. მაგალითად, ადგილი შეიცვალა ავტომობილის ელექტროენერგიით გასაწყობმა შტეპსელმა, რომელიც ადრე მარცხენა წინა საყრდენის ქვევით იყო მოთავსებული, მაგრამ იმ ადგილზე გადაინაცვლა, სადაც შიდაწვისძრავიან ავტომობილებს საწვავით გასაწყობი მილი აქვთ.

ასევე შეცვლილია წინა მაშუქების და უკანა სტოპ ფარების დიზაინი. თუმცა ფარა აღნიშნაცს, რომ ამ ელემენტებს ჯერ საბოლოო სახე არ მიუღია და წარმოების დაწყებამდე ისინი შეიძლება კიდევ შეიცვალოს.

დაბოლოს, მსტოვრულ ფოტოებზე სპეციელიზებულ რეპორტიორთა გასაგონად, ფარამ განაცხადა, რომ ამ ზაფხულში ”ვოლტი” ძლიერი სიცხის პირობებში ინტენსიურ ტესტებს აშშ-ის დასავლეთში (სავარაუდოდ, მოჰავეს უდაბნოში) გაივლის.

”ჯენერალ მოტორსს” ლიკვიდაცია ემუქრება

General Motors

1 ივლისი

ნიუ იორკში, აშშ-ის გაკოტრების საქმეთა სასამართლოში, დაიწყო სასამართლო გარჩევის პროცესი, რომელზეც გაკოტრების რეჟიმში მყოფი ”ჯენერალ მოტორსის” რეორგანიზაციის საკითხი განიხილება.

მოსმენის პირველ დღეს, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ფრიც ჰენდერსონმა რესტრუქტურიზაციის გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, გაკოტრებული კომპანიის დადებითი აქტივები ახალ კომპანიას უნდა გადაეცეს, რომელსაც რეალურად ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოსგან სრული მხარდაჭერა გარანტირებული ექნება.

მაგრამ თუ ახალი ”ჯენერალ მოტორსი” 10 ივლისამდე ვერ ამოქმედდება, მაშინ სახელმწიფო ძველსაც ზურგს შეაქცევს და გაკოტრების რეჯიმი კომპანიის ლიკვიდციით დასრულდება.

ჰენდერსონმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კომპანიის თანამშრომლები, პროდუქციის მომხმარებლები და მაკომპლექტებლების მიმწოდებლები ოპტიმიზმით ელიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი აქვთ, რომ გაკოტრებული კომპანია ”ახალი ჯენერალ მოტორსის” სახელით გააგრძელებს მუშაობას.

თუ სასამართლო რესტრუქტურიზაციის გეგმას მწვანე შუქს აუნთებს, გაკოტრების კანონის 363-ე მუხლის შესაბამისად, გაკოტრებული ”ჯენერალ მოტორსი” თავის დადებით აქტივებს (მათ შორის, თავის ოთხ ძირითად ბრენდს - ბუიკს, შევროლეს, კადილაკს და GMC-ს) ”ახალ ჯენერალ მოტორსს” მიჰყიდის, გარიგების ფინანსურ უზრუნველყოფას კი თავის თავზე აშშ-ის ხაზინა იკისრებს, რომელიც ამ საქმისთვის მილიარდობით დოლარს გაიღებს და ახალი ”ჯენერალ მოტორსის” თანააქციონერი გახდება.

რესტრუქტურიზაციის გეგმის მიხედვით, ახალი ”ჯენერალ მოტორსის” აქციების 17.5 პროცენტი ავტოპროფკავშირების ხელში გადავა, 12 პროცენტს კანადის მთავრობა მიიღებს, 10 პროცენტი კი სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ჯგუფს გადაეცემა. დანარჩენი აქციების უმეტესობას (60 პროცენტს) კი აშშ-ის მთავრობა მიიღებს, რომელიც მათ თავად კომპანიას მაშინვე მიჰყიდის, როგორც კი ის მომგებიან ბიზნესზე გადავა.

სურათზე: ფრიც ჰენდერსონი სასამართლოს ”ჯენერალ მოტორსის” რესტრუქტურიზაციის გეგმას აცნობს

რაიკონენი ფინეთის რალიზე იასპარეზებს

Formula 1

1 ივლისი


ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში, უნგრეთისა და ევროპის დიდ პრიზებს შორის არსებულ ერთთვიან პაუზას ”ფერარის” ფინელი პილოტი, კიმი რაიკონენი რალის მსოფლიო ჩემპიონატის ფინურ ეტაპზე საასპარეზოდ გამოიყენებს.

რალი ფინელების ეროვნულ სპორტის სახეობად თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს - ფინელ პილოტებს მსოფლიო ჩემპიონის 14 ტიტული (32-დან) აქვთ მოპოვებული და რა გასაკვირი უნდა იყოს, რომ რალი რაიკონენსაც სისხლში ჰქონდეს. ასეც არის - როცა დროს გამონახავს, ის ყოველთვის ცდილობს რომელიმე რბოლაზე გამოსვლას. მაგალითად, ზამთარში ეროვნული ჩემპიონატის ორ ეტაპზე იასპარეზა (ერთზე მე-13 ადგილი დაიკავა, მეორე კი ვერ დაასრულა), მაისის ბოლოს კი იტალიურ ”რალი დელა მარკაზე” გამოვიდა (რბოლა ვერ დაასრულა).

მსოფლიო ჩემპიონატის ფინურ ეტაპზე, რომელიც ასევე ”ათასი ტბის რალის” სახელითაცაა ცნობილი, რაიკონენის ნავიგატორი კვლავ მისი თანამემამულე კაი ლინდსტრომი იქნება, ვინც თავის დროზე, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, ფინელი ტომი მაკინენის ნავიგატორი იყო. ისევე როგორც წინა სამ შემთხვევაში, ისინი მაკინენის ფირმის მიერ მომზადებული ”ფიატ აბარტ გრანდე პუნტო S2000-ით” იასპარეზებენ.

”ეს შესანიშნავი რბოლაა, კიმისთვის კი ის ორმაგად საინტერესო იქნება, რამდენადაც მასზე პირველად გამოვა. ფინეთის რალი მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი რბოლაა, მისი დისტანცია კი ზამთრის ”არქტიკ რალიზე” თითქმის ორჯერ გრძელია. კიმი ძალიან ნიჭიერი მრბოლია და ის ამ ნიჭს ნებისმიერი ტექნიკით ასპარეზობისას ავლენს. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაინც რალის დამწყები მრბოლია. ნებისმიერ შემთხვავეში, აქ მისი გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება”, - ფინურ გაზეთ ”ილტალეჰტისთან” საუბრისას განაცხადა ლინდსტრომმა.

აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ფორმულა ერთის პილოტებს კონტრაქტები სხვა ტურნირებში გამოსვლის უფლებას არ აძლევს, მითუმეტეს, ეს გაზრდილი რისკის მატარებელ ტურნირებს ეხება. მაგრამ ამჯერად, რაიკონენმა ”ფერარისგან” ფინეთის რალიზე ასპარეზობის უფლება მიიღო.

ავსტრალიური სუპერავტომობილი ”ფერარის” ახალი მეტოქე

Joss Supercar

1 ივლისი



”ჯოს სუპერქარი” პირველი ავსტრალიური შუაძრავიანი სპორტული ავტომობილია, რომელსაც, თუ მის შემქმნელს დავუჯერებთ, ისეთი ავტორიტეტების უკან მოტოვება შეუძლია, როგორებიც ”პორშე”, ”ლამბორგინი” და ”ფერარია”.

პატარა ფირმა ”ჯოს სუპერქარი” და იმავე სახელწოდების ავტომობილი ავსტრალიელ ენთუზიასტ მეტ თომასის შექმნილია. პირველად მან საზოგადოებას თავისი პირმშოს პროტოტიპი ხუთი წლის წინ უჩვენა, მაგრამ საჭირო სახსრების არქონის გამო, პროექტის განხორციელება გაუჭიანურდა. მაგრამ დღეს ავტომობილი წარმოებისთვის მზადაა.

თომასი ირწმუნება, რომ ”ჯოს სუპერქარი” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.98 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი თითქმის 338 კმ/სთ-ია. ამის საშუალებას სვტომობილს 6.8-ლიტრიანი V8 ძრავი აძლევს, რომლის თითოეული ცილინდრის ”სუნთქვასაც” მხოლოდ ორი სარქველი ემსახურება. ესოდენ არქაული კონსტრუქციის მიუხედავად, ძრავი 500 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონმეტრს მაინც იძლევა. მასთან კი, სამდისკოიანი გადაბმულობის ქურის მეშვეობით, ”პორშეს” 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია (G50) დაკავშირებული.

ავტომობილის მზიდი ელემენტი ფოლადის მილებითაა შეკრული, რომელიც კარბონის ბოჭკოს კომპოზიტური გარსითაა შემოვლებული. ეს კი მის სოლიდურ სიხისტეს განაპირობებს. ”ჯოს სუპერქარი” სპორტული ავტომობილისთვის შესაფერისი გაბარიტებითაც გამოირჩევა: მისი სიგრძე 4150, სიგანე 1860, სიმაღლე 1050 და ბაზა 2560 მილიმეტრია. ზეთით და საწვავით სრულად გაწყობილი ავტომობილი კი 940 კილოგრამს იწონის.

რაც შეეხება ”ჯოს სუპერქარის” გარეგნობას, ის ერთდროულად სამი ცნობილი სპორტული ავტომობილის ერთგვარი ნაზავია. პროპორციებით ის ”მაკლარენ F1-ს” მოგვაგონებს. ამავე ავტომობილს საქარე შუშა მიუგავს. ავტომობილის წინა ნაწილი ახლოსაა ”ასკარი KZ1-თან”, უკნიდან კი ის უფრო ”სალეენ S7-ს” წააგავს. ავტომობილი მხოლოდ ერთ, ზღვის ფერში შეიღებება.

თომასი იმედოვნებს, რომ პირველ 25 ცალ ”ჯოს სუპერქარს” სწრაფად გაჰყიდის. შემდეგ კი წარმოების მოცულობა შეკვეთებზე იქნება დამოკიდებული. ავტომობილის ღირებულება კი 600 000 ავსტრალიური დოლარია, რაც დღევანდელი კურსით, დაახლოებით 480 000 აშშ დოლარის ტოლფასია.

დაბოლოს, მეტ თომასს დიდი სურვილი აქვს, რომ მისმა ავტომობილმა GT კლასის რბოლებსა და ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიიღოს მონაწილეობა. ჰოდა, ის არ გამორიცხავს, რომ ამისათვის შეიძლება თავადვე შექმნას გუნდი, რომელიც ამ ოცნების განხორციელებაშიც დაეხმარება.

”შკოდამ” ახალი ეკონომიური ძრავის წარმოება დაიწყო

Skoda 1.2l HTP Engine

1 ივლისი

”ფოკლსვაგენის” ჯგუფში შემავალმა ჩეხურმა კომპანია ”შკოდამ”, მლადა ბოლესლავში მდებარე ძრავების ქარხანაში სამცილინდრიანი, 1.2-ლიტრიანი HTP სერიის ბენზინის ძრავის მოდიფიცირებული ვერსიის წარმოება დაიწყო, რომელიც ”შკოდას” ტექნიკური განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტების მიერაა მომზადებული.

აგრეგატმა მრავალმხრივი მოდიფიკაცია გაიარა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ შეიცვალა გაზგამანაწილებელი სისტემის ჯაჭვის კონსტრუქცია. შემცირდა მუხლა ლილვის წონა. ოპტიმიზაცია ჩაუტარდა წვის კამერას, ასევე შეშვების და გამოშვების სისტემებს. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, ძრავი უფრო გაწონასწორებული, ეკონიომიური, მსუბუქი გახდა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა მის მიერ ატმოსფეროში გამოტყორცნილ აირში სათბურის ეფექტის მქონე მინარევები.

”შკოდას” დირექტორთა საბჭოს წევრი ეკჰარდ შოლცი, ვინც კომპანიის განვითარების დეპარტამნტს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ გაუმჯობესდა ამ ძრავის ორივე ვერსია, რომელთაგან ერთს თითო ცილინდრზე მხოლოდ ორი სარქველი აქვს, მეორეს კი - ოთხი.

1.2-ლიტრიანი HTP პირველ რიგში, ”შკოდას” ორი მოდელის - ”ფაბიასა” და ”რუმსტერისთვის” არის განკუთვნილი. მას ასევე მიიღებენ ”ფოკლსვაგენის” ჯგუფის კომპანიების შემდეგი მოდელები: ”ფოკლსვაგენის” ”პოლო” და ”ფოქსი”, ასევე ”სეატის” ”იბიცა” და ”კორდობა”.

ცნობისათვის, 1.2-ლიტრიანი HTP ძრავის წინა ვერსია 60 და 70 ცხენის ძალას და 108 ნიუტონმეტრს (3 000 ბრ/წთ-ზე) იძლეოდა, მისი მეშვეობით, ”ფაბიას” 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად 15.1 წამი სჭირდებოდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი მხოლოდ 156 კმ/სთ-ს აღწევდა. ას კილომეტრზე მას 5.9 ლიტრი ბენზინი სჭირდებოდა, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს 140 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებდა.

ჯერჯერობით, ”შკოდას” ახალი ძრავის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ყველა ასპექტში წინამორბედზე გაცილებით უკეთესი იქნება.