ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ”ალფა რომეო”
Alfa Romeo 8C Spider
20 ივლისი
სპორტული მოდელი ”8C კომპეტიციონე” ”ალფა რომეოს” საიმიჯო ავტომობილია და ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება. შარშან მილანურმა კომპანიამ ამ ავტომობილის ღია ვერსიის, ”8C სპაიდერის” წარმოება დაიწყო, რომელიც მხოლოდ მერმის მიაღწევს აშშ-ის ბაზარს, სადაც ამ ულამაზეს ავტომობილს მოუთმენლად ელიან.
ისევე როგორც 8C-ს კუპე ვერსიას, ”ალფა რომეო” ”სპაიდერსაც” მხოლოდ 500 ცალს დაამზადებს, აქედან კი ოკეანის გაღმა მხოლოდ 35 ცალი გაიგზავნება, სადაც ახლახანს მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეული მათგანი 299 000 დოლარად გაიყიდება. ეს ფასი კი იმას ნიშნავს, რომ ”8C სპაიდერი” მილანური კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია.
”ალფა რომეო” ”8C სპაიდერს” მოდენას ქარხანაში უშვებს. ავტომობილი ”მაზერატი გრანტურიზმოს” პლატფორმაზეა ბაზირებული და აგრეგატები და სხვადასხვა მექანიკური კვანძებიც მისგანვე აქვს ნასესხები. ავტომობილი მამოძრავებელ ძალას 4.7-ლიტრიანი V8 ძრავისგან ღებულობს, რომელიც მუხლა ლილვის 7 000 ბრ/წთ-ზე 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 4750 ბრ/წთ-ზე კი 480 ნიუტონმეტრ მაქსიმალურ მაბრუნ მომენტს იძლევა. ამასთან, მაქსიმალური მაბრუნი მომენტის 80 პროცენტის გამომუშავება 2 500 ბრ/წთ-ზე ხდება. ცნობისათვის, ბრუნთა რიცხვების წითელი ხაზი 7 500 ბრ/წთ-ზე გადის, ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი კი 7 600-ითაა შეზღუდული.
ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, რომლის საფეხურების შეცვლაც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებითაა შესაძლებელი. წამყვან ბორბლებს შორის მაბრუნ მომენტს თვითბლოკირებადი დიფერენციალი ანაწილებს.
ცხენის ძალების მთელ ამ კოჰორტას მეტად დახვეწილი სამუხრუჭე სისტემა აკონტროლებს, რომელიც იტალიურ კომპანია ”ბრემბოს” მიერაა შემუშავებული. სამუხრუჭე დისკები (380-მილიმეტრიანი წინა და 360-მილიმეტრიანი უკანა), 20-დუიმიან ბორბლებშია მოთავსებული. მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ”ალფა რომეოს” VDC ტრეკშნ კონტროლისა და სტაბილურობის სისტემები უზრუნველყოფს.
დაბოლოს, ”ალფა რომეო” აცხადებს, რომ 8C-ს ბაზაზე კიდევ უფრო ტემპერამენტიანი ვერსიის, GTA-ს წარმოებაც იგეგმება. ამ ავტომობილის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის მხოლოდ 100 ცალი დამზადდება. თუმცა, თუ მისი ღია ვერსიის წარმოებაც გადაწყდა, მაშინ ტირაჟი ალბათ გაორმაგდება.
No comments:
Post a Comment