Sunday, February 28, 2010

”სუბარუს” ჰიბრიდი ჟენევაში

Subaru at Geneva

28 თებერვალი

სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, გარემოზე მზრუნველობას იაპონური ”სუბარუც” იჩენს, რომელიც ჟენევაში რამდენიმე ეკოლოგიურ ინოვაციას გამოფენს, მისი მთავარი ექსპონატები კი კონცეპტუალური ”ჰიბრიდ ტურერი” და ელექტრული საქალაქო ავტომობილი იქნება.

”ჰიბრიდ ტურერი” მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული ავტომობილია, რომლის ჰიბრიდულ სისტემაშიც ოპოზიტური ძრავი, ეგრეთ წოდებული ”ბოქსერი” მუშაობს. ესაა 2.0-ლიტრიანი ტურბომოტორი, რომელთან ერთადაც, ორი ელექტროძრავიც მუშაობს. მათგან ერთი - 10-კილოვატიანი წინა ღერძს ემსახურება, უკანა კი, რომლის სიმძლავრეც 20 კილოვატია - უკანებს. ჰიბრიდული სისტემა, ”სუბარუს” ავტომატურ ტრანსმისია ”ლაინეატრონიკთანაა” დაკავშირებული.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ელექტროძრავებს მხოლოდ სტარტზე და დაბალი სიჩქარით მოძრაობისას უწევთ მუშაობა. ეს კი ავტომობილის საცობებში მოძრაობისას იქნება გამოსადეგი. და თუ საჭიროა მ აღალი სიმძლავრის განვითარება, საქმეში შიდაწვის ძრავი ჩაერთვება.

თავისი ჰიბრიდული დანადგარის გარდა, ”ჰიბრიდ ტურერი” გარეგნობითაც გამოირჩევა. ჯერ ერთი, ის ”სუბარუს” სხვა მოდელებს არ ჰგავს. მეორეც, მას ეგრეთ წოდებული ”თოლიას ფრთების” ტიპის კარებები აქვს, რომლებსაც საყრდენები სახურავზე აქვთ და ქვევიდან ზევით იღება. მათი მეშვეობით, ავტომობილის სალონში მოხვედრა მნიშვნელოვნად გაადვილებულია.

ელექტრომობილს ”სტელა EV” ჰქვია და ის პლაგ-ინ სისტემითაა აღჭურვილი. მასშიც ელექტროძრავს ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს, რომელში დაგროვილი ენერგიაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 90 კილომეტრის გავლა შესძლოს. ავტომობილს აქვს აკუმულატორების სწრაფად დამუხტვის სისტემა, რომლის მეშვეობითაც, 15 წუთში აკუმულატორები ენერგიის მარაგის 80 პროცენტს ივსებენ. ისე კი, საყოფაცხოვრეპო ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, სკუმულატორების სრულად დამუხტვისთვის 5 საათია საჭირო.

No comments:

Post a Comment