Tuesday, February 16, 2010

”ფოლკსვაგენი” ყველაზე სწრაფ ”გოლფს” გამოუშვებს

VW Golf R

15 თებერვალი

კომპაქტური კლასის ავტომწარმოებლებს ერთგვარი ტრადიცია ჩამოუყალიბდათ - ისინი მყიდველს თავიანთი საწარმოო პროგრამის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სპორტულ ვერსიებს სთავაზობენ და ამით ხაზს უსვამენ, რომ ევროპული კლასიფიკაციით C კლასად მონათლული ავტომობილები მოსაწყენნი არ არიან და მათგან საკმაოდ, ზოგჯერ კი მეტისმეტად ტემპერამენტიანი ”სადოღე ცხენის” მიღებაც შეიძლება.

ამ საქმეში ერთმანეთს ტოლს არ უდებენ ”ფორდი”, ”რენო”, ”პეჟო”, ”ოპელი” და სხვები. ამ ჩამონათვალში განგებ არ მოვიხსენიეთ ”ფოლკსვაგენი”, რადგან სახალხო ავტომობილების მწარმოებელი ეს გერმანული კომპანია აქაც მოწინავეთა შორისაა და როგორც კი მყიდველს ”გოლფის” ახალი თაობის ავტომობილს წარუდგენს, მას მაშინვე მოაყოლებს ხოლმე ”დამუხტულ” ვერსიებს. დღეს სწორედ ასეთ ავტომობილზე გვექნება საუბარი.

ამ ტრადიციის ჩამოყალიბების დასაწყისში, ”გოლფს” საშუალოდ ფორსირებული სპორტსმენი - GTI მოჰყვებოდა ხოლმე. შემდეგ, ვოლფსბურგელებმა ესეც არ იკმარეს და მყიდველს უფრო მეტად გასპორტულებული Golf R32 შესთავაზეს. დღემდე სწორედ ეს იყო ”გოლფის” ყველაზე ძლიერი, ტოპ ვერსია.

რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ ბაზარზე მეექვსე თაობის ”გოლფის” გამოყვანის შემდეგ, ”ფოლკსვაგენი” ამ ჰეჩბეკის მორიგ სპორტულ ვარიანტსაც დაამზადებდა. მოლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა - ევროპის უდიდესმა ავტომწარმოებელმა სწრაფი ”გოლფების” მოყვარულთ ახალი სადოღე კვიცი შესთავაზა, ოონდ მას უბრალოდ, ინდექსი R დაუმატა - სწორედ ასე უწოდეს ”ფოლკსვაგენის” ახალ შტოს, რომელიც საბაზო მოდელების გასპორტულებაზე იქნება მომართული. და ამიერიდან, ”გოლფის” ყველაზე მძლავრი და სწრაფი ვერსიის სრული სახელწოდება ”ფოლკსვაგენ გოლფ R” იქნება.

ახალ ავტომობილს ერთი შეხედვითვე ეტყობა, რომ ის ჩვეულებრივი ”გოლფი” არაა. ამას დიდი ზომის რადიატორის და მის გვერდებზე მუხრუჭების ”სასუნთქი” ლაყუჩების დანახვაზევე მიხვდებით. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს მანქანა სპორტული ექსტრავაგანტურობით არ გამოირჩევა. რასაც ვერ ვიტყვით მის ბორბლებზე, რომელთა დიზაინსაც ”ტალადეგა” ჰქვია. საბაზო კომპლექტაციაში მათი დიამეტრი 18-დუიმია, ოპციის სახით კი შესაძლებელია 19-დუიმიან ბორბლებზე მდგარი ”გოლფ R-ის” შეძენა. უკნიდან ამ ავტომობილის სპორტულობის მანიშნებელი ფსევდო დიფუზორია, რომლის ცენტრიდანაც წყვილი გამოსაბოლქვი მილი გვიმზერს.

მაგრამ ”გოლფ R-ში” გარეგნობა მთავარი არცაა. მთავარი მის კაპოტქვეშაა მოთავსებული! პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ”გოლფ R32-ისგან” განსხვავებით, რომელიც 3.2-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, ”გოლფ R-ს” 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოაგრეგატი ჩაუდგეს, რომელსაც საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. ანალოგიური ძრავი GTI-ზეც გვხვდება, მაგრამ R-ისთვის ის უფრო დახვეწეს. ამგვარად, ავტომობილი შემსუბუქდა, გაძლიერდა და უფრო ეკონომიურიც გახდა.

მას შემდეგ, რაც ვოლფსბურგელებმა ”სიროკო R-ის” წარმოება დაიწყეს, რომელსაც წინა წამყვანი ბორბლები აქვს და ანალოგიური ძრავითაა აღჭურვილი, ბევრმა ჩათვალა, რომ ”გოლფ R-საც” წამყვანი მხოლოდ წინა ღერძი ექნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა - R32-ის მსგავსად, ისიც სრულამძრავიანია! ამასთან, მოდიფიკაცია ჩაუტარდა ტრანსმისიას (4 მოუშნ), რომელიც ახლა უფრო უკეთ და სწრაფად რეაგირებს საგზაო პირებების შეცვლაზე და საჭიროების შემთხვევაში, უკანა ღერძს მაბრუნი მომენტის 100 პროცენტს აწვდის.

მოდიფიცირებული ძრავის სიმძლავრე 265 ცხენის ძალაა, რაც R32-ის აგრეგატის სიმძლავრეზე 8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება მაქსიმალურ მაბრუნ მომენტს, ის 350 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. აგრეგატს უწყვილდება ან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან რობოტიზებული კოლოფი (DSG), რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. ამ ორიდან, მეორეს გამოყენების შემთხვევაში, ავტომობილი ატმოსფეროში 22 პროცენტით ნაკლებ (R32-თან შედარებით) მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. ”გოლფ R” ყოველ 100 კილომეტრზე მხოლოდ 8.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს, როცა R32-ის შესაბამისი მაჩვენებელი10. 7 ლიტრია.

ახალ ავტომობილს, მის წინამორბედზე უკეთესი დინამიკური მახასიათებლებიც აქვს. მექანიკური კოლოფით, ”გოლფ R-ს” 0-100 კმ/სთ აჩქარება 5.7 წამში შეუძლია, რობოტიზებული კოლოფის შემთხვევაში კი აჩქარების დრო მხოლოდ 5.5 წამია. შედარებისთვის, R32-ის შესაბამისი მაჩვენებელი 6.5 წამია. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ამ შემთხვევაშიც ვოლფსბურგელებმა ლიმიტი (250 კმ/სთ) გამოიყენეს.

შეიცვალა სტანდარტული ”გოლფის” საკიდარიც, რაც იმაში გამოიხატა, რომ ავტომობილის სიმაღლე 25 მილიმეტრითაა შემცირებული. დანარჩენი კი ყველაფერი სტანდარტულია - წინ გამოყენებულია მაკფერსონის, უკან კი - მრავალბერკეტიანი სისტემა. თუმცა, მათში ზამბარებიც და ამორტიზატორებიც სტანდარტულზე ხისტია.

როდის დაიწყება ”გოლფ R-ის” წარმოება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა იმის თქმა ახლავე შეიძლება, რომ ”გოლფის” ეს ვერსია, თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იქნება. ასეთი დინამიკური მახასიათებლებით ხომ ის უფრო მაღალი კლასის ავტომობილებსაც ადვილად გაუწევს კონკურენციას...

No comments:

Post a Comment