”მიცუბიში” ”პეჟო-სიტროენისთვის” 100 000 ელექტრომობილს დაამზადებს
Mitsubishi to make 100,000 EVs for France's PSA
14 მარტი
”მიცუბიში მოტორსი” მალე ამერიკაში ელექტრომობილ i-MiEV-ს გაყიდვას დაიწყება, პარალელურად კი, 100 000 ცალს თავისი ევროპელი პარტნიორის, ”პეჟო-სიტროენისთვის” დაამზადებს. ამგვარად, იაპონურ კომპანიას ამ პატარა ელექტრომობილის წარმოების მოცულობის გაზრდის საშუალება მიეცემა, რაც წარმოების თვითღირებულებას შეამცირებინებს.
ორ კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმებით, რომლის შესახებაც მათ ჟენევის ავტო შოუს დროს გამოაცხადეს, ამ შეთანხმების რეალურად განხორციელება ოქტომბერში დაიწყება, როცა ”მიცუბიში” ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს. i-MiEV-ს ”პეჟოსა” და ”სიტროენისეული” ვერსიების გაყიდვები კი ევროპის ბაზარზე წლის მიწურულს დაიწყება.
ფრანგული კომპანია იმედოვნებს, რომ წლიურად 25 000 ცალი ელექტრომობილის გაყიდვას შეძლებს. ამათგან ნახევარი ”პეჟოს” ბრენდით გაიყიდება, ნახევარი კი - ”სიტროენისა”. რაც შეეხება ”მიცუბიშის”, იაპონური კომპანია შეკვეთილ ელექტრომობილებს მიზუშიმას (იაპონია) ქარხანაში გამოუშვებს. თავისი ემბლემით დამზადებული i-MiEV-ს გაყიდვებს აპრილში შეუდგება, ამერიკის ბაზარზე კი მას მერმისს შეიტანს.
”პეჟო-სიტროენისთვის” დამზადებულ ავტომობილს სხვაგვარი დიზაინი, განსხვავებული საკიდარი და მართვის სისტემა ექნება. განსხვავებული იქნება მისი ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლებიც და ინტერიერის გაფორმებაც. ორ კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმებით, იაპონური კომპანია თავისი პარტნიორისთვის ელექტრომობილების წარმოებას 5-6 წელი გააგრძელებს.
პარტნიორები იმედოვნებენ, რომ წარმოების მოცულობის ზრდის კვალობაზე, შემცირდება ელექტრომობილის თვითღირებულებაც. თუმცა ავტომობილის ფასის თითქმის ნახევარი ლითიუმ-იონურ აკუმულატორებზე მოდის. ასეთი აკუმულატორები მსუბუქიცაა და მათ მეტი ტევადობაც აქვთ, მაგრამ მეტისმეტად ძვირია.
თუმცა, ”მიცუბიში” და კიდევ ერთი იაპონური კომპანია ”ნისან მოტორი” თვლიან, რომ ელექტრომობილების ფასის შემცირების ერთ-ერთი მთავარი საშუალება წარმოების მოცულობის ზრდაა, რაც ასევე გააიაფებს ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს. ცნობისათვის, ”ნისანმა” შარშან საზოგადოებას თავისი პიტველი ელექტრომობილი ”ლიფი” წარუდგინა, რომლის სერიულ წარმოებასაც მალე დაიწყებს.
”მიცუბიშიმ” ოთხადგილიან i-MiEV-ზე შეკვეთების მიღება ერთი წლის წინ დაიწყო და აქამდე მასზე მხოლოდ 2 000 შეკვეთა აქვს მიღებული. იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ წელს 9 000 ცალი ელექტრომობილის გაყიდვას შესძლებს, მერმისს კი გაყიდვებს გააორმაგებს. 2013 წლისთვის ელექტრომობილების წარმოების მოცულობა 30 000-მდე უნდა გაიზარდოს. ”პეჟო-სიტროენის” მიერ შეკვეთილ ავტომობილებსაც თუ დავუმატებთ, ეს რიცხვი 55 000 ათასამდე გაიზრდება.
დიდი ხანია, ”მიცუბიშის” და ”პეჟო-სიტროენს” პარტნიორული ურთიერთობანი აკავშირებთ. უფრო მეტიც, შარშან ინტერნეტში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ფრანგული კომპანია თავისი იაპონელი პერტნიორის აქციების სოლიდური პაკეტის დაუფლებას აპირებდა. მაგრამ ეს ხმები ორივე მხარემ ჟენევაში უარყო. სამაგიეროდ, მათ დაადასტურეს, რომ ისინი წარმოების სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ.
No comments:
Post a Comment