Tuesday, March 16, 2010

”კიონიგსეგ აგერა” - ახალი შვედური სუპერ ავტომობილი

Koenigsegg Agera

16 მარტი

შვედური კომპანია ”კიონიგსეგი” დიდი ისტორიით ვერ დაიკვეხნის, თუმცა სპორტული სუპერ ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, რომლებიც თავიანთი ტექნიკური მახასიათებლებით, თავისი კლასის იტალიურ კვიცებს (ფერარი) და ხარებს (ლამბორგნი) ტოლს არაფერში უდებენ.
შარშან ”კიონიგსეგს” ”ჯენერალ მოტორსისგან” შვედურ ავტომწარმოებელ ”სააბის” შეძენა სურდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ამას ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, ჟენევის ავტო შოუზე ახალი შედევრი წარმოადგინა, სახელად ”აგერა”. სიტყვა აგერა შვედურად თურმე მოქმედებას ნიშნავს, მაგრამ კომპანია ამ სახელის წარმომავლობას ბერძნულ სიტყვა აგერატოსს უკავშირებს, რაც მუდმივს ნიშნავს. ძნელია იმის თქმა, თავის საწარმოო პროგრამაში ამ ავტომობილის მუდმივად დატოვებას აპირებს თუ არა, მაგრამ თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ მანქანას დიდხანს არ მოაკლდება მყიდველი.
ასეთი ვარაუდის საბაბს კი ”აგერას” გარეგნობა და მისი შესანიშნავი ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლები იძლევა. ამასთან, კომპანიის დამაარსებელი და თანამფლობელი (კიონიგსეგის უმსხვილესი აქციონერი ნორვეგიელი ინჟინერი და ბიზნესმენი, ბიორდ ეკერია, ვისაც კომპანიის 49 პროცენტი ეკუთვნის), წარმოშობით გერმანელი დიდგვაროვანი კრისტიან ფონ კიონიგსეგი გვპირდება, რომ მისი კომპანია კვლავაც გააგრძელებს თავისი პირველი შედევრის, მოდელ СС-ს და მისი მოდიოფიკაციების წარმოებას, რომელმაც ”კიონიგსეგს” მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

ახალი ავტომობილი თავისი წინამორბედის პროპორციებს იმეორებს და ზომებითაც მისი ტოლია, თუმცა დიზაინი აშკარად უფრო დახვეწილი აქვს და ტექნიკურადაც გაცილებით სჯობს პირველ ”კიონიგსეგს”. ამასთან, უფრო ადვილი სამართავიცაა, უკეთესადაც ამუხრუჭებს და რაც მეტად მნიშვნელოვნია, მოსახვევებსაც СС-ზე სწრაფად გადის. მოკლედ, ”აგერას” სახით, ”ბუგატის”, ”ფერარისა” და ”ლამბორგინის” შედევრებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყოველთვის, შვედური კომპანია თავისი მონსტრის ძალიან მცირე რაოდენობით წარმოებას გეგმავს.

”აგერას” საკმაოდ აგრესიული და აეროდინამიკურად დახვეწილი დიზაინი აქვს. მის წინა ფარებს ერთგვარი რომბის ფორმა აქვთ, რომელთა ბლაგვი კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია. წინა და უკანა ბორბლების თაღების ზედა ნაწილში სასუნთქი ”ლაყუჩებია” დატანილი, რომლებიც გაგრილების სისტემებიდან (რადიატორისა და მუხრუჭების) ჰაერის გამოშვებას უზრუნველყოფს. საქარე მინა ძლიერ მომრგვალებულია, როგორც ეს სარბოლ პროტოტიპებს აქვთ. სახურავი კი მასიურია. ამასთან, ის უკანა მხარეს სრულიად გამჭვირვალეა, რაც ღია სალონის შთაბჭდილებას ქმნის. ავტომობილის გვერდების უკანა ნაწილში ტურბოკომპრესორების გაგრილების სისტემების ჰაერის ამღები დიდი ლაყუჩებია ჩატანებული. უკანა ბამპერის ძირში კი ტრაპეციის ფორმის გამოსაბოლქვით შუაზე გაყოფილი დიფუზორი განლაგდა.

”აგერა” 1290 კილოგრამს იწონის, რაც მისი მონაცემების მქონე ავტომობილისთვის ძალიან ცოტაა. დაბალი წონის მისაღწევად, მწარმოებელმა უხვად გამოიყენა ალუმინის შენადნობები და კარბონის კომპოზიტი. ავტომობილის ზომებია: სიგრძე 4293 მმ, სიგანე 1996 მმ და სიმაღლე 1120. ამასთან, წინა და უკანა ბორბლების კვალი ერთი ზომისაა, რაც ავტომობილს იდეალურად აბალანსებს და ამის წყალობით, ის მოსახვევებს მაღალი სიჩქარით გადის.

”კიონიგსეგ აგერა” აღჭურვილია 4.7-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელსაც ორი ტურბო დამჭირხნი ემსახურება. ტურბოჩაბერვის უკეთ ასათვისებლად, ძრავის კუმშვის ხარისხი მხოლოდ 8.9-ია. სამაგიეროდ, მისი სიმძლავრე 910 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 1100 ნიუტონმეტრს აღწევს (5100 ბრ/წთ-ზე). ამასთან, ის 1000 ნმ-ს ძრავის მუხლა ლილვის ბრუნთა ფართო დიაპაზონში (2680-დან 6100-მდე) აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრეგატი თითქმის მუდმივად ავლენს თავის მაქსიმალურ შესაძლებლობებს.

ასეთი მონაცემების ასათვისებლად, ”კიონიგსეგის” ახალი სუპერ ავტომობილისთვის, ფრანგულმა კომპანია ”მიშლენმა” სპეციალური საბურავები შეიმუშავა. სხვათა შორის, ბატონი ფონ კიონიგსეგი ყოველთვის წუწუნებდა იმაზე, რომ ”მიშლენის” რეზინი ბოლომდე ვერასდროს შეესაბამებოდა მისი მონსტრების შესაძლებლობებს. ჰოდა, მისი წუწუნისთვის წერტილი რომ დაესვა, ”ბიბენდუმმა” (ეს მიშლენის ემბლემის მეტსახელია) ახალი კონსტრუქციის საბურავები დაამზადა.

რეზინის გარდა, ახალი ავტომობილის რემასთან უკეთ გასამკლავებლად, ”კიონიგსეგმა” ახალი სამუხრუჭე სისტემაც შეიმუშავა. ამ სისტემის მთავარი დეტალები კი დიდი ზომის სამუხრუჭე დისკოებია. წინას ზომა 392×36-ზეა, უკანისა კი - 380×34. დისკოები კერამიკული მასალისგანაა დამზადებული და მათი უკეთ გაგრილებისთვის, მათ ნახვრეტები აქვთ. გარდა ამისა, ძარაში არსებული სპეციალური ჰაერის ამღებების მეშვეობით, მათ ჰაერის მძლავრი ნაკადი მიეწოდება. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ასეთი სისტემების გადახურება, სარბოლ რეჟიმში მოიძრაობის დროსაც კი შეუძლებელია.

ძლიერი მუხრუჭების და დიდი ზომის საბურავების გარდა, ”აგერას” უკეთ მართვას ასევე ემსახურება დინამიკური სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც, ”კიონიგსეგის” განცხადებით, სხვა ანალოგიურ სისტემებს შორის უსწრაფესია - ის მყისიერად რეაგირებს გზის პირობების შეცვლაზე, მართვის სტილსა და სხვა ნიუანსებზე. სისტემას ავტომატურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. თუმცა მას აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ მძღოლის ცალკეული მითითებებიც შეასრულოს.

”აგერას” ინტერიერი სისადავით და პრაგმატულობით გამოირჩევა. აქ ყურადღებას იქცევს იატაკისადმი თითქმის პერპენდიკულარულად განლაგებული სპორტული სავარძლები, საჭის პატარა რგოლი და მის უკან მოთავსებული მაჩვენებლები, რომლებზეც ყველა ძირითადი პარამეტრის ნახვა შეიძლება. ცენტრალური პანელის ზედა ნაწილში მოზრდილი მრავალფუნქციური მონიტორი, მის ქვემოთ კი მისივე მართვის პულტი მდებარეობს. მონიტორი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სანავიგაციო და მულტიმედიური სისტემა და ასევე, როგორც წამზომი. სალონის გასანათებლად, ”კიონიგსეგის” სპეციალისტებმა სპეციალური სისტემა ”გოსტ ლაით” (შუქ ლანდი) შეიმუშავეს, რომელშიც, კომპანიის განცხადებით, ნანოტექნოლოგიაა გამოყენებული.

ჟენევაში წარმოდგენილი ”აგერა” ჯერ მხოლოდ წინასერიული პროტოტიპია. ”კიონიგსეგი” აცხადებს, რომ ამ ავტომობილის წარმოებას ოქტომბერში შეუდგება. მისი სერიული ვერსიის პრეზენტაციას კი პარიზის ავტო შოუზე ჩაატარებს. ამასთან, შვედური” კომპანია კვლავაც გააგრძელებს თავისი ძველი მოდელების - CCX-ის და CCXR-ის წარმოებას.

No comments:

Post a Comment