Saturday, April 10, 2010

”ლამბორგინი” სუპერ ავტომობილ ”მურსიელაგოს” შემცვლელს ამზადებს

Lamborghini Murcielago

10 აპრილი

ინგლისურმა ჟურნალმა ”ავტო ექსპრესმა” მოიპოვა მსტოვრული ფოტოები ”ლამბორგინის” ახალი ავტომობილისა, რომელმაც მალე სუპერ ავტომობილი ”მურსიელაგო” უნდა შეცვალოს. ფოტოები გადაღებულია ავტომობილის ევროპაში ტესტირების დროს. ის კამუფლირებული კია, თუმცა კონტურებში აშკარად შეინიშნება, რომ ეს სწორედ ”მურსიელაგოს” მომავალი შემცვლელი უნდა იყოს.

პარალელურად, ფოტოების მიხედვით შესაძლებელია ვარაუდი იმისა, რომ ახალი ავტომობილი წინამორბედზე გრძელიც იქნება და განიერიც. ამასთან, მისი კარის უკანა კიდესთან და უკანა საყრდენის გასწვრივ, უზარმაზარი ჰაერის ამღები ”ლაყუჩები” მოთავსდება. მათ დანიშნულებაში არამარტო რადიატორების მომსახურება და ძრავისთვის საჭირო ჰაერის თავმოყრაა, არამედ ავტომობილის უკანა ნაწილში ჰაერის ნაკადის მოძრაობის ”მოწესრიგებაც”, რამაც ავტომობილის გარსშემოდენილობა და აეროდინამიკური მახასიათებლები უნდა გააუმჯობესოს.

”ავტო ექსპრესის” ინფორმაციით, ახალი ავტომობილის ინტერიერი სუპერ ავტომობილ ”რევენტონის” სტილში შესრულდება. განათების სისტემები შუქდიოდური ელემენტებით აღიჭურვება. მის აეროდინამიკურ თვისებებს კი აქტიური სისტემა გააუმჯობესებს, რომელიც მაგალითად, უკანა, ავტომატურად რეგულირებად ფრთას უცვლის პოზიციებს. სხვათა შორის, დამუხრუჭების დროს, ამ ფრთას საჰაერო მუხრუჭის როლის შესრულებაც (როგორც თვითმფრინავებშია) შეუძლია.

ინგლისური ჟურნალი ვარაუდობს, რომ ”ლამბორგინი” თავის ახალი ფლაგმანისთვის შასის მზიდ ელემენტს კარბონის კომპოზიტისგან დაამზადებს. შასიზევე დამაგრდება ძარის ელემენტები, რომლებსაც ასევე კარბონისგან დაამზადებენ. კომპოზიციური მასალების წყალობით, ახალი ავტომობილი ”მურსიელაგოზე” 165 კილოგრამით მსუბუქი იქნება.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ”მურსიელაგოს” შემცვლელსაც სრულამძრავიანი ტრანსმისია ექნება. მამოძრავებელ ძალას კი მას 7.0-ლიტრიანი V12 ძრავი მიანიჭებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 700 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 700 ნიუტონმეტრი იქნება. ძრავს 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება.

სისტემა ”ლონჩ კონტროლის” დახმარებით, ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით სამ წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 355 კმ/სთ იქნება. ეგ კიდევ არაფერი, იტალიური კომპანიის ინჟინრები იმაზეც ზრუნავენ, რომ ახალ ავტომობილს წინამორბედზე მოკრძალებული აპეტიტიც ჰქონდეს. ინგლისური ჟურნალის მონაცემებით, ახალ სუპერ ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 12.3 ლიტრი ბენზინი ეყოფა, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში მაინც ძალიან ბევრ - 425 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში, პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment