”მინი” კიდევ უფრო პატარა ავტომობილების გამოშვებას აპირებს
Mini starts city car project
29 მაისი
მას შემდეგ, რაც ”ბეემვეს” საკუთრება გახდა, ინგლისური კომპანია ”მინი” სულ უფრო აფართოებს სამოდელო გამას, რისი წყალობითაც, წარმოებას და გაყიდვებს ზრდის. თუმცა, როგორც ჩანს, მის ხელმძღვანელობას და ბავარიულ კომპანიას, ეს აღარ აკმაყოფილებს, რის გამოც, მინიავტომობილების მწარმოებელი ბრენდი თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოებას გეგმავს.
”მინის” ხელმძღვანელობა კიდევ უფრო პატარა ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილობას სწავლობს, ავტომობილისა, რომლითაც კონკურენცია ”დაიმლერის” ”სმარტს” უნდა გაუწიოს. ამასთან, ეს ”ბეემვეს პროექტ ”მეგასიტის” ფარგლებში მოხდება. და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯუჯა ავტომობილის წარმოებისას, მაქსიმალურად გამოიყენებენ იმ მაკომპლექტებლებს, რომლებსაც ბავარიელები თავიანთი სხვა ავტომობილებისთვის იყენებენ.
არადა, ”მინის” ხელმძღვანელობა კარგა ხანს გულმოდგინედ ამტკიცებდა, რომ მის სამკარიან მოდელზე პატარა ზომის ავტომობილებს, მისი მწარმოებლისთვის მოგების მოტანა არ შეუძლია. და ახლაც, მთავარი დამაბრკოლებელი სწორედ ეს საკითხია. ”ერთადერთი კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამთ, ისაა, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ჩვენთვის მინიზე პატარა ავტომობილის წარმოება”, - ინგლისურ გამოცემა ”ავტოქართან” საუბრისას განაცხადა ”მინის” ინკოგნიტო წარმომადგენელმა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” სამცილინდრიანი ძრავის წარმოება გადაწყვიტა და სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ეკონომიური ავტომობილების წარმოების პერსპექტივას, ”მინისთვის” ჯუჯა ავტომობილის წარმოების იდეა სულ უფრო მიმზიდველად და პერსპექტიულად გამოიყურება.
იმავე წყაროს ცნობით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია. ჯუჯა ავტომობილის პროექტი საწყის ეტაპზეა. სავარაუდოდ, დაახლოებით მომავალი წლის ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენისთვის, პირველი კონცეპტუალური მოდელის მომზადება მოესწრება.
ჯერ გადაწყვეტილი არაა, ავტომობილი ორადგილიანი იქნება, თუ ოთხიანი, ძრავი წინ განლაგდება, თუ უკან. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ მისი სიგრძე 3.050 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. სწორედ ეს სიგრძე ჰქონდა პირველ ”მინის”, რომელიც ლეგენდარულმა ინჟინერმა ალექს ისიგონისმა დააპროექტა. ამგვარად, ჯუჯა ”მინი” ახლანდელ მოდელთან შედარებით, 0.700 მეტრით მოკლე და ”სმარტთან” შედარებით, 0.300 მეტრით გრძელი იქნება.
No comments:
Post a Comment