”ჯენერალ მოტორსი” როტორულ ძრავიან ”ვოლტს” ცდის
Second-Generation Chevrolet Volt Could Use Rotary Engine
28 მაისი
”ჯენერალ მოტორსს” გაზრდილი სვლის ჰიბრიდული ავტომობილი ”შევროლე ვოლტი” ჯერ კონვეიერზე არ დაუყენებია, თუმცა მისი მეორე თაობის მოდელის შემუშავება უკვე დაწყებული აქვს. ამ ეტაპზე, ამ ავტომობილის წარმოების ხარჯების შემცირების და აქედან გამომდინარე, მისი გასაყიდი ფასის შემცირების საშუალებები განიხილება.
ერთ-ერთ ასეთ საშუალებად, 100-ცხენიძალიანი ოთხტაქტიანი ძრავის ნაცვლად, სხვა ტიპის აგრეგატის გამოყენების შესაძლებლობა მოიაზრება. ამერიკული კომპანიის ინჟინირინგის და ახალი ტექნოლოგიების განყოფილების შეფი კარლ სტრეიკი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად ვანკელის როტორული ძრავი განიხილება. უფრო მეტიც, უკვე შექმნილია მეორე თაობის ”ვოლტის” პროტოტიპი, რომლის ჰიბრიდულ სისტემაშიც სწორედ როტორული აგრეგატი შედის.
”ამ ეტაპზე, ახლანდელი ძრავის როტორულით შეცვლის შესაძლებლობას განვიხილავთ. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ დამხმარე ძრავის მოვალეობა ბენზინის ორცილინდრიანმა აგრეგატმა შეასრულოს, რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 15-18 კილოვატი იქნება. მე უკვე ვატარე როტორულ ძრავიანი ”ვოლტი” და მინდა ვთქვა, რომ ასეთი აგრეგატი ძალიან მცირე რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ამასთან, მას კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს - ძალიან კომპაქტურია”, - ამბობს სტრეიკი.
ის არც დიზელის ძრავის ვარიანტს გამორიცხავს და ამბობს, რომ მართალია, ასეთი აგრეგატები ბენზინისაზე ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ, გაცილებით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და საბოლოო ჯამში, მისი ექსპლუატაციაც უფრო იაფი ჯდება.
ახალი შიდაწვის ძრავის შერჩევის გარდა, ”ჯენერალ მოტორსში” აკუმულატორების ღირებულების შემცირების გზებსაც ეძებენ. ახლანდელი აკუმულატორები ყველაზე მეტად აძვირებს ჰიბრიდულსა და ელექტრულ ავტომობილებს. დღეისათვის, ”შევროლე ვოლტის” აკუმულატორების ბლოკის ღირებულება 10 000 დოლარს შეადგენს. მწეარმოებლები იმედოვნებენ, რომ მეორე თაობის ”ვოლტისთვის”, აკუმულატორების ღირებულება განახევრდება.
”ჯენერალ მოტორსი” ჰიბრიდული ”შევროლე ვოლტის” წარმოების დაწყებას ამ წლის ბოლოს აპირებს. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 150-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ანიჭებს, რომელსაც ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. საჭიროების შემთხვევაში კი (როცა აკუმულატორები განმუხტულია) საქმეში 1.4-ლიტრიანი ბენზინის ძრავისა და გენერატორის ტანდემი ერთვება, რომელიც აკუმულატორებს ავტომობილის მოძრაობის დროს მუხტავს. ისე კი, მათი დამუხტვა ჩვეულებრივი შტეპსელიდან შეიძლება. შიდაწვის ძრავისა და გენერატორის დაუხმარებლად, ”ვოლტის” სვლის სიშორე 64 კილომეტრია.
No comments:
Post a Comment