Friday, February 4, 2011

„ბეემვე“ პრემიერისთვის პროექტ „მეგასიტის“ ამზადებს

BMW may lease, not sell, its Megacity EV

4 თებერვალი

მალე გერმანული კომპანია პროექტ „მეგასიტის“ მიხედვით შექმნილ პირველ ავტომობილს გვაჩვენებს, თუმცა მსოფლიო პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ბავარიელებმა თავიანთი ელექტრონული სიახლის შესახებ, ზოგიერთი საინტერესო ინფორმაცია უკვე გაავრცელეს.

მაგალითად ის, რომ პატარა საქალაქო ელექტრომობილს ორი ძირითადი - ქვედა და ზედა მოდულისგან შედგენილი ტანი ექნება. „ბეემვეს“ განვითარების განყოფილების შეფი კლაუს დრეგერი ამბობს, ქვედა მოდულის ძირითადი ელემენტი ალუმინისგან შეკრული ჩარჩოა, რომელზეც საკიდარი, სამუხრუჭე სისტემა, ელექტროძრავები და ენერგიით მათი მკვებავი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი მაგრდება. ქვედა მოდულზე კი ხისტად მაგრდება ზედა, რომელიც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ ჩარჩოს წარმოადგენს. ძარა არ იღებება, ფერი კი მას პანელების ფორმირებისას, კომპოზიტის შემავსებელში ერევა.

გერმანულ გამოცემა „აუტომობილვოხესთან“ საუბრისას, დრეგერი ამბობს, რომ პროექტი „მეგასიტი“ ექვსი წლის წინ დაიწყო და მისი მსვლელობისას, ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა. თან: ეს ჩვეულებრივი პროექტი არაა ჩვეულებრივი ამოცანებით. მისი განხორციელებისას, სულ ახალ-ახალ ინფორმაციას ვღებულობთ და ახალ ტექნოლოგიებსაც ვამუშავებთო.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერა მოახლოვდა, ბავარიელები ავტომობილის ფოტოების გამოქვეყნებას არ ჩქარობენ და მის სახელზე ამბობენ რამეს. სამაგიეროდ ცნობილია, რომ გერმანულმა კომპანიამ გერმანიაში აბრევიატურები - i1, i2, i3, i4, i5, i6, i7, i8 და i9 დააპატენტა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად (სავარაუდოდ, მეგასიტის მოდელებისთვის) გამოიყენებს.

„ბეემვეს“ გაყიდვების შეფი იან რობერტსონი ამბობს, რომ მისი კომპანია „მეგასიტის“ ფარგლებში წარმოებული ავტომობილების ლიზინგით გაყიდვის მიზანშეწონილობას განიხილავს. მისი თქმით, დიდ ქალაქებში სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ავტომობილის მფლობელობის სხვა, ალტერნატიული სახეობით სარგებლობა და ასეთ ალტერნატივებს შორის, ლიზინგი ყველაზე ხელსაყრელია. ლიზინგი მფლობელს იმ შეზღუდვების დიდ ნაწილს აარიდებს, რომლებიც დიდ ქალაქებში, ავტომოილების ფლობაზეა შემოღებული.

ლიზინგი იმითაცაა ხელაყრელი, რომ მყიდველს არ უწევს ელექტრომობილში დიდი თანხის გადახდა. კრედიტის მსგავსად, დილერთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ის თანხას გარკვეული დოზებით, პერიოდულად იხდის. გაყიდვის ასეთ ფორმას, უკვე იყენებს „დაიმლერი“ ულმსა (გერმანია) და ოსტინში (ტექსასი, აშშ). მსგავს ექსპერიმენტს „ბეემვე“ თავისი X1-ის ბაზაზე შექმნილ ავტომობილებზე გამოსცდის.

No comments:

Post a Comment