Sunday, April 17, 2011

„ლამბორგინი“ „გალიარდოს“ „კაბრერათი“ შეცვლის

Lamborghini Cabrera Could Come with 600 HP

17 აპრილი

მას შემდეგ, რაც სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „ლამბორგინიმ“ თავისი ფლაგმანი „მურსიელაგო“ „ავენტადორით“ შეცვალა, იმაზე ზრუნვას შეუდგა, რომ ბაზარზე დროულად გამოუშვას კიდევ ერთი ავტომობილი, რომლითაც „გალიარდოს“ შეცვლის. ინტერნეტით უკვე გავრცელდა ინფორმაცია ახალი ავტომობილის შესახებ, საინტერნეტო გამოცემა „ავტობლოგის“ იტალიური ვერსია კი გვამცნობს, რომ ახალი ავტომობილის სახელი „კაბრერა“ იქნება.

„გალიარდო“ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა და მართალია, ამჟამადაც პოპულარობით სარგებლობს, 8 წელი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მოდელი შეიცვალოს. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი იმავე ტექნოლოგიებით აიგება, რომლებიც „ავენტადორის“ წარმოებისასაა გამოყენებული. პირველ რიგში, ესაა კომპოზიტური მასალების ინტენსიური გამოყენება. სწორედ ამ მსუბუქი და მტკიცე მასალითაა დამზადებული „ავენტადორი“. კერძოდ, მისი მზიდი მონოკოკი, ისევე როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდების ანალოგიური ელემენტი, კარბონის კომპოზიტისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, „კაბრერა“ 600-ცხენისძალიანი აგრეგატით აღიჭურვება. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და მის საფუძველს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ „გალიარდოს“ დებიუტის შემდეგ გამოშვებული მისი ყველა მოდიფიკაცია საბაზო მოდელზე მძლავრი იყო.

რაც შეეხება საბაზო „გალიარდოს“, ის 5.0-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 500 ცხენის ძალას (7 800 ბრ/წთ-ზე) და 510 ნიუტონმეტრს (4 500 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამასთან, მაბრუნი მომენტის 80 პროცენტს 1 500 ბრ/წთ-ზე ავითარებს. ავტომობილის შასი მეტწილად ალუმინისგან მზადდება. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ძრავის ლიტრაჟი გაიზრდება თუ არა, თუმცა ადვილი სავარაუდოა, რომ ის V10 არქიტექტურას შეინარჩუნებს. 600 ცხენის ძალა ზედა ზღვრად იმის გამოც მოიაზრება, რომ მას არ უნდა ჰქონდეს ფლაგმან „ავენტადორზე“ მეტი სიმძლავრე (700 ცხენის ძალა).

„კაბრერას“ პირველი გამოჩენა მერმისს არის მოსალოდნელი.

No comments:

Post a Comment