Tuesday, May 31, 2011

კონცეპცია „ელექტროდაინემიქსი“ - ბრენდის გარეშე და მხოლოდ გარეგნობით

Electrodynamics Concept, No Brand, Just Looks

31 მაისი

ის ფაქტი, რომ ამ კონცეპტუალური ავტომობილის ავტორი, სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „პაგანის“ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერი ანტონიო ბრუნოა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომობილს „პაგანი“ გამოუშვებს. უბრალოდ, მან თავისუფალ თემაზე წაიმუშავა, რომლის შედეგად შექმნილ კონცეპციასაც სახელად „ელექტროდაინემიქსი“ უწოდა.

სახელიდანაც ჩანს - ავტომობილის კონცეპციაში მთავარი მისი ელექტრული ამძრავი სისტემა და აეროდინამიკაა. პირველი თანამედროვე ავტობაზრის ყველაზე გამოკვეთილი ტენდენციაა, მეორე კი - გზა იმისა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ჩვენს ხელთ არსებული ენერგიის ეკონომიურად გამოყენებას.

დღეს ელექტრომობილები თვალსა და ხელს შუა შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში. და ამ პროცესში, ლითიუმ-იონური აკუმულატორების მახასიათებლებთან დაკავშირებული კითხვების გარდა, ავტომოყვარულები ხშირად ინტერესდებიან, რა მომავალი ელის V10 და V12 ძრავებს, რომლებსაც სუპერ ავტომობილებში იყენებენ? ფაუძლებენ თუ არა ასეთი აგრეგატები, ავტოინდუსტრიის ელექტრიფიკაციას? და რას მოუტანს ეს პროცესი სპორტული სუპერ ავტომობილების კლასს? საერთოდ, გადარჩება-კი ეს კლასი?

ამის თქმა დღეს ძნელია. ალბათ, დადგება დრო, როდესაც შიდაწვისძრავიანი ავტომობილები ისეთივე იშვიათობა გახდება, როგორიც დღეს ელექტრომობილია. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. პასუხს დრო მოიტანს. სამაგიეროდ, აქტუალურია ელექტრომობილების სვლის სიშორის, სიძვირის და აკუმულატორების სამუშაო რესურსის საკითხები. იმავდროულად, ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის, იქმნება კონცეპტუალური ავტომობილები, რომლებიც შესაშური მახასიათებლებით გამოირჩევა.

ანტონიო ბრუნოს ნამუშევარი სწორედ იმის მცდელობაა, რომ წარმოგვიდგინოს თავისი ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის სუპერ ელექტრომობილი. იქნებ, ეს ხედვა ოდესმე „პაგანიმაც“ გამოიყენოს. თუმცა, სანამ ასე მოხდება, „ელექტროდაინემიქსი“ გავიცნოთ.

ჯერ მის გარეგნობაზე შევჩერდეთ: „პაგანის“ სტილისტისგან ცოტა უცნაურია, რომ კონცეპტუალური ავტომობილი თავისი აგრესიული იერით არ გვაოცებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მასში გარკვეული ხიბლი მაინცაა. და ამ ხიბლს, გლუვი, გაწონასწორებული, რაც მთავარია, აეროდინამიკურად „მართებული“ ფორმები წარმოქმნის. დიზაინში ყველაფერი ფუნქციურობას ექვემდებარება. ეს ფუნქცია კის ისაა, რომ ავტომობილმა, რაც შეიძლება ნაკლები ენერგია მოიხმაროს. ამაში კი მას ძარისა და შასის შექმნისას გამოყენებული მსუბუქი მასალები დაეხმარება.

რაც შეეხება ამძრავ სისტემას, მასში ოთხი, შედარებით პატარა ელექტროძრავი შედის (უნდა შევიდეს), რომლებიც თითო (საკუთარ) ბორბალს ემსახურებიან. რამდენადაც ეს მხოლოდ ვიზუალური კონცეპციაა, უფრო მეტს მისი ავტორი ტექნიკაზე არ ამბობს. რამდენადაც ის „პაგანის“ თანამშრომელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ავტომობილს კარგი დინამიკური მახასიათებლები ექნება.

No comments:

Post a Comment