Tuesday, May 24, 2011

„პორშე“ როდსტერ „ბოქსტერის“ ელექტრულ ვერსიებს გვაცნობს

Porsche Releases Details on All-Electric Boxster E

24 მაისი

წლის დასაწყისში, „პორშემ“ გამოაცხადა, რომ როდსტერ „ბოქსტერის“ ბაზაზე, სამ ექსპერიმენტულ ელექტრომობილს მოამზადბდა. მაგრამ ამ ავტომობილის მხოლოდ ერთი ფოტო გაავრცელა და განაცხადა, რომ მისი ელექტროძრავის სიმძლავრე 241 ცხენის ძალა იქნებოდა. დანარჩენი ინფორმაცია კი საიდუმლოდ შეინახა.

მაგრამ ახლახანს, მას შემდეგ, რაც ბერლინში, ამ სამი ავტომობილით, „მიშლენის“ მიერ ორგანიზებულ „ბიბენდუმ ჩელენჯში“ მიიღო მონაწილეობა, ისინი უფრო ახლოსაც გაგვაცნო. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამი ელექტრომობილიდან, ორს უკანა წამყვანი ბორბლები აქვს, ერთს კი - ყველა.

სრულამძრავიანი ვერსიის შემთქვევაში, ავტომობილს ორი ელექტროძრავი ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 242 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 540 ნიუტონმეტრი. თითოეული ძრავის როტორის მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი, წუთში 12 000-ს აღწევს.

უკანა ბორბლების მამოძრავებელი ძრავი და ტრანსმისია ძრავების მართვის ბლოკთანაა ინტეგრირებული. ყველაფერი კი მხოლოდ იმ ადგილს იკავებს, რომელიც ჩვეულებრივ შიდაწვისძრავიან „ბოქსტერში“ მექანიკურ კოლოფს და გამოსაბოლქვ სისტემას უკავია. წინა ელექტროძრავი კი ბენზინის ავზის ადგილზე განთავსდა. ელექტრონული გამანაწილებელი ძრავების მუშაობას მართავს და წინა და უკანა ღერძებზე მაბრუნი მომენტის თანაბრად მიწოდებას უზრუნველყოფს.

„პორშეს“ მონაცემებით, სრულამძრავიან ელექტრონულ „ბოქსტერს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი, ენერგიის ეკონომიურად ხარჯვის საბაბით, 200 კმ/სთ-ითაა შეზღუდული.

დანარჩენი ორი ელექტრომობილი, სრულამძრავიანი ვერსიის ბაზაზეა შექმნილი. ოღონდ, მათგან ამოღებულია წინა ძრავი. ამასთან, უკანა ბორბლების მამოძრავებელი ელექტროძრავი მხოლოდ 121 ცხენის ძალას და 270 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. უკანაამძრავიანი ვერსიის ტემპერამენტიც შედარებით დუნეა: ადგილიდან ასის ასაკრეფად მას 9.8 წამი სჭირდება, მისი მაქსინალური სიჩქარე კი (ასევე შეზღუდული) 150 კმ/სთ-ია.

ამ ავტომობილებში ყველაზე საინტერესო, მათი აკუმულატორებია. ესაა ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბაზაზე დამზადებული ელემენტების ბლოკი, რომელსაც ჩვეულებრივი „ბოქსტერის“ შიდაწვის ძრავის ადგილი უკავია. ამგვარად, ავტომობილში პრაქტიკულად ხელუხლებელი რჩება საბარგული. ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ელემენტებს გავრცელებულ ლითიუმ-იონურ ელემენტებთან შედარებით, დამუხტვა-განმუხტვის გაცილებით მეტ ციკლს უძლებენ. გარდა ამისა, სტაბილურობით გამოირჩევიან და არც აალებისა და აფეთქებისადმი მიდრეკილებას ავლენენ. დაკიდევ, ისინი გაცილებით სწრაფადაც იმუხტება.

ელექტრონულ „ბოქსტერებში“ გამოყენებული აკუმულატორების ტევადობა 29 კილოვატსაათია, მათი წონა კი 341 კილოგრამს აღწევს, რის გამოც, ავტომობილის წონა 1 600 კილოგრამამდეა გაზრდილი. შედარებისთვის, შიდაწვისძრავიანი „ბოქსტერი“ მხოლოდ 1 355 კილოგრამს იწონის. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია 170 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრულად შევსებას დაახლოებით 9 საათი სჭირდება.

ელექტრონული „ბოქსტერები“ აღჭურვილია სპეციალური ხმოვანი სისტემით, რომელიც ფეხმავლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საქმე ისაა, რომ ელექტრომობილი თითქმის უხმაუროდ გადაადგილდება, რის გამოც, ის შეიძლება ფეხმავალს მოულოდნელად მიუახლოვდეს. ამის აღსაკვეთად კი სისტემა ხმას გამოსცემს და ამით, ახლო მყოფთ, თავის მიახლოებას ამცნობს.

No comments:

Post a Comment