Thursday, June 2, 2011

„ფორდი“ სამცილინდრიან 1.0-ლიტრიან ეკობუსტ ძრავზე მუშაობს
Ford confirms 1.0L EcoBoost three-cylinder
2 ივნისი

სანამ ელექტრომობილი ბაზარზე ფეხს მოიკიდებს, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებით გადაადგილება გვიწევს. თუმცა, საწვავის გაძვირების გამო, სულ უფრო მეტი მყიდველი, ამერიკელებიც კი, ეკონომიურ ავტომობილზე აკეთებს არჩევანს. ბუნებრივია, მწარმოებლებს ამის გათვალისწინება უწევთ და მათ შორისაა „ფორდიც“, რომელსაც ეკონომიურობის შესანიშნავი „წამალი“ აქვს ძრავების სერია „ეკობუსტის“ სახით.
„ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა დერიკ კიუზაკმა, ვინც გლობალური პროდუქციის განვითარების შტოს კურირებს, განაცხადა, რომ მალე მისი კომპანიის მიერ გაყიდული ავტომობილების 90 პროცენტი სერია „ეკობუსტის“ ძრავებით იქნება აღჭურვილი.
სერიის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით პირველად სედანი „ტაურასი“, გიგანტური ქროსოვერი „ფლექსი“ და პიკაპი F-150, ასევე „ლინკოლნის“ MKS და MKT აღიჭურვა. შემდეგ ძრავების გამა 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატით შეივსო, რომლითაც „ეჯი“ და „ექსპლორერი“ აღჭურვეს. ახლა კი1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავის ჯერ დადგა...

ეს „ფორდის“ პორტფოლიოში ყველაზე მცირელიტრაჟიანი ძრავი იქნება და მისით ის ავტომობილები აღიჭურვება, რომლებიც მთელს მსოფლიოში გაიყიდება. რა თქმა უნდა, ამ ძრავის კონკრეტული მახასიათებლები ჯერ არ ქვეყნდება, თუმცა „ფორდის“ კიდევ ერთი ვიცე პრეზიდენტი ჯოი ბაკაჟი, ვინც ძრავების ინჟინერიის გლობალურ განყოფილებას კურირებს, ამბობს რომ ამ ძრავს დაახლოებით ისეთივე სიმძლავრე ექნება, რამდენიც „ფორდისვე“ 1.6-ლიტრიან ატმოსფერულ აგრეგატს აქვს და რაც მთავარია, უფრო ეკონომიურიც იქნება. ეკონომიურობასთან დაკავშირებით, ბაკაჟი ამბობს, რომ გაუმჯობესება დაახლოებით იმავე ხარისხით მოხდება, რამდენადაც 3.5-ლიტრიანი V6 ეკობუსტი, V8 ძრავზე ნაკლებ ხარჯიანია.
„ფორდი“ აცხადებს, რომ ახალი ძრავის შესახებ, ინფორმაციას ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე გამოაქვეყნებს, რომელიც სექტემბერში გაიმართება. ასევე დაკონკრეტდება, თუ რომელი ავტომობილები აღიჭურვება ამ აგრეგატით. ამ ავტომობილებს შორის კი უეჭველად იქნება „ფიესტა“, რამდენადაც ამერიკული კომპანია, ახალ ძრავს იმ 1.6-ლიტრიანს ადრის, რომლითაც ეს ჰეჩბეკია აღჭურვილი.
გარდა ამისა, „ცისფერი ოვალი“ ადასტურებს, რომ შემუშავების სტადიაშია სრულიად ახალი, 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, „ფორდის“ ინჟინრები შექმნიან და „ფორდის“ საწარმოები გამოუშვებენ. ბაკაჟი ირწმუნება, რომ ეს კოლოფი საუკეთესო იქნება მსგავს აგრეგატებს შორის.

No comments:

Post a Comment