Friday, June 10, 2011

„ჰიუნდაი“ „ელანტრას“ ბაზაზე კუპესაც გამოუშვებს

Hyundai to Show Elantra Coupe at LA Auto Show
10 ივნისი

მიღწეული წარმატებების მიუხედავად, „ჰიუნდაი“ ყურადრებას არ ადუნებს და მყიდველს სულ ახალ-ახალ ავტომობილებს სთავაზობს. კორეულმა კომპანიამ საინტერნეტო გამოცემა „ინსაიდ ლაინს“ აცნობა, რომ ლოს ანჯელესის ავტო შოუს დამთვალიერებელს, „ელანტრას“ ბაზაზე დამზადებულ კუპეს წარუდგენს, ავტომობილს, რომელმაც კონკურენცია თვით „ჰონდა სივიკს“ უნდა გაუწიოს.
მართალია, „ელანტრას“ სპორტული ვერსია, სედანისგან განსხვავებული გარეგნობა ექნება, თუმცა შინაგანად ის თითქმის არ შეიცვლება. პირველ რიგში, მათ კარების რაოდენობა განასხვავებს - როგორც წესი, კუპეს მხოლოდ ორი კარი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, დამოკლდება მისი სალონი და სახურავის უკანა ნაწილი უფრო დაიხრება. მაგრამ იერი ორივე ავტომობილს მაინც ერთნაირი ექნება.
ძალურ აღჭურვილობაშიც, ამ ორ ავტომობილს შორის მინიმალური სხვაობა უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ სედანი, რომელზეც ევროპასა და ამერიკაში რიგები დგას, 1.8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 148 ცხენის ძალას და 177 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული. ამ ტანდემის დახმარებით, „ჰიუნდაიმ“ ისეთ ეკონომიურობას მიაღწია, რომლითაც შეუძლია იამაყოს: ქალაქში ავტომობილი 7 ლიტრზე ოდნავ მეტ ბენზინს წვავს, ქალაქგარეთ კი 5 ლიტრზე ოდნავ მეტიც ჰყოფნის.
ეს კომბინაცია კუპე „ელანტრაზეც“ გადაინაცვლებს. ამასთან, სპორტული ავტომობილის მყიდველს, მოგვიანებით, ამავე ძრავის R-სპეციფიკაციასაც შესთავაზებენ, რომელსაც ტურბოკომპრესორიც მოემსახურება. ამ ძრავს კორეელები პირველ რიგში, კუპე „ველოსტერისთვის“ ქმნიან და მასვე კუპე „ელანტრასთვისაც“ გამოიყენებენ.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, კუპე „ელანტრას“ ფასი ცნობილი არაა. თუმცა, შეიძლება ვარაუდი, რომ ის სედან „ელანტრაზე“ ბევრად ძვირი არ ეღირება.

No comments:

Post a Comment