Thursday, July 30, 2009

”ვოლვო” წარმოებისთვის ახალ სედან S60-ს ამზადებს

Volvo S60

30 ივლისი

შვედური კომპანია ”ვოლვო”, რომელიც ჯერაც ”ფორდის” ჯგუფში შედის და რომელსაც მალე ალბათ ჩინური ”ჯილი” შეიძენს, წარმოებისთვის საშუალო ზომის სედან S60-ის მეორე თაობის მოდელს ამზადებს.

წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი ავტომობილი სრულიად განსხვავებულ სტილშია შესრულებული, როგორიც შვედურმა კომპანიამ პირველად დეტროიტის წლევანდელ ავტო შოუზე, კონცეპტუალური S60-ის სახით წარადგინა.

”ვოლვომ” სედან S60-ის წარმოება, ბელგიის ქალაქ გენტის ქარხანაში რვა წლის წინ დაიწყო და ამ პერიოდში 580 000 ცალი ავტომობილი გაჰყიდა. მაგრამ სამი კვირის წინ, S60-ის წარმოება დასრულდა. ამიტომ, ძველი ავტომობილის შემცვლელის გამოჩენას ბევრი ელოდა.

ჯერჯერობით უცნობია ახალი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები და მისი ჩამოყალიბებული გარეგნობა. თუმცა, მის ექსტერიერზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა კონცეპტუალური S60-ს მიხედვითაც შეიძლება. ერთი შეხედვით, ის ”იაგუარის” უახლეს C-XF-საც ჰგავს, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია - სულ ცოტა ხნის წინ, ”იაგუარიც” ”ფორდის” ოჯახის წევრი იყო. თუმცა, ახალ ავტომობილს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებიც აქვს და ეს პირველ რიგში, მისი რადიატორის ბადეს ეხება, რომელიც ”ვოლვოს” ტრადციულ სტილშია შესრულებული.

ინტერნეტით გავრცელებული ვარაუდით, S60-ის საბაზო ვერსია 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავით აღიჭურვება, რომელსაც საწვავი ნარევი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება და რომელსაც ტურბოკომპრესორი ემსახურება. დეტროიტში, კონცეპტუალური ავტომობილის პრეზენტაციაზე გამოცხადდა, რომ ეს მომცრო ”წისქვილი” მაქსიმუმ 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კილომეტზე მხოლოდ 5 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 6-საფეხურიანი, ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომლიდანაც მაბრუნი მომენტი წინა წამყვან ბორბლებს გადაეცემა.

”ვოლვო S60-ის” სერიული ვერსიის პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზეა მოსალოდნელი, მისი გაყიდვები კი მერმის დაიწყება.

No comments:

Post a Comment