”სუბარუ” ”იმპრეზა WRX STI სპეც C-ს” წარმოებას იწყებს
Impreza WRX STI spec C
26 ივლისი
იაპონურმა კომპანია ”სუბარუმ” გამოაცხადა, რომ მალე შეუდგება თავისი პოპულარული ავტომობილის - ”იმპრეზა WRX STI-ის” გაუმჯობესებული ვერსიის, ”იმპრეზა WRX STI სპეც C-ს” გამოშვებას. კომპანიის ინფორმაციით, ეს საბაზო ავტომობილზე მსუბუქი და უფრო მძლავრი ვერსიაა.
ახალი ავტომობილის შესაქმნელად, ”სუბარუს” ინჟინრებმა ავტოსპორტში დაგროვილი გამოცდილება გამოიყენეს. ძრავს დაემატა წყლის საშუალედო გამაგრილებელი (ინტერქულერი), რომლის მეშვეობითაც, შემშვებ სისტემას საწვავის ნარევი მუდმივი ტემპერატურით მიეწოდება. შეიცვალა ტურბინის ლილვის საყრდენი ბურთულოვანი საკისრები, რომელთა წყალობითაც, ლილვის ხახუნზე, ტურბინის მარგი ქმედების კოეფიციენტის უფრო მცირე ნაწილი იკარგება.
”სუბარუ” აცხადებს, რომ ამ ცვლილებათა შედეგად, 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრე 304 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 422 ნიუტონმეტრია, უფრო სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს აქსელერატორზე ფეხის დაწოლისას.
მოდერნიზებულ ავტომობილს უფრო მსუბუქი და რაც მთავარია, ხისტი შასი აქვს. ასევე შეცვლილია მისი წინა და უკანა საკიდარის მახასიათებლები, რის შედეგადაც, ავტომობილი იოლად ემორჩილება მძღოლის სურვილებს და საჭის გადაადგილებაზე მაშინაც კი ადვილად რეაგირებს, როდესაც ბორბლების გზის საფართან ჩაჭიდება ზღვარს აღწევს.
კონსტრუქციაში ალუმინისგან და კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალების, ასევე პლასტიკური შუშის მეშვეობით, ავტომობილის წონა მაქსიმალურადაა შემცირებული. სიახლეებს შორისაა ალუმინის ახალი, 19-დუიმიანი ბორბლები, მცირე ზომის სათადარიგო ბორბალი, რომელსაც ნაკლები ადგილიც უკავია და ნაკლებსაც იწონის, ”ბრემბოს” ოქროსფერი მუხრუჭები, რეკაროს სპორტული სავარძლები და სხვა.
”სუბარუ” სულ 900 ცალი ”იმპრეზა WRX STI სპეც C-ს” წარმოებას გეგმავს. პირველ რიგში, მათ იაპონელ მყიდველს შესთავაზებენ. ჯერჯერობით ცნობილი არაა, ეს ავტომობილი გაიყიდება თუ არა სხვა ქვეყნების ბაზრებზე.
No comments:
Post a Comment