”დაიმლერი” უფრო დიდი ”სმარტის” გამოშვებას აპირებს
Smart Forfour
27 ივლისი
პერიოდულად, ინტერნეტით ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”მერსედეს-ბენცი” ”სმარტ ფორთუს” უფრო მოზრდილი ვარიანტის შემუშავებაზე მუშაობს, რომელშიც ”სმარტ ფორფოურის” მოტივებს გამოიყენებენ. დღეს კი გერმანული ინტერნეტ გამოცემა ”მენეჯერ მეგზინი” იუწყება, რომ ამ საქმეში სამქიმიანებმა პარტნიორიც გამონახეს.
საიტის მონაცემებით, შტუტგარტული კომპანია ამ საკითხზე მოლაპარაკებას ფრანგულ ”რენოსთან” აწარმოებს. თუ პარტნიორობა შედგა, მისი პროდუქტი იქნება ახალი ოთხადგილიანი ავტომობილი, რომელიც ”სმარტის” მარკით გაიყიდება. მოლაპარაკება ჯერ ადრეულ სტადიაზეა და ამიტომ, მისი დეტალები უცნობია.
მარტში ინგლისური გამოცემა ”ავტოექსპრესი” იტყობინებოდა, რომ ”მერსედეს-ბენცი” კონცეპტუალური ”სმარტ ფორთუ +2-ის” პროექტზე მუშაობს. საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ”სმარტ ფორთუზე” უნდა იყოს ბაზირებული, თუმცა ამ მოდელისგან განსხვავებით, მასში ოთხი მგზავრის ადგილი იქნება. გარეგნულადაც, ეს ავტომობილი ”სმარტ ფორთუს” მსგავსი უნდა ყოფილიყო, ოღონდ მას ორი უკანა კარი დაემატებოდა. ამასთან, უცვლელი დარჩებოდა ძრავების გამაც. სამაგიეროდ, გაიზრდებოდა ბორბლებს შორის ბაზა, რაც სალონის მოცულობასაც გაზრდიდა. ”ავტოექსპრესის” ვერსიით, ასეთი ავტომობილი ბაზარზე 2012 წელს უნდა გამოჩენილიყო. მაგრამ მას შემდეგ, ეს ინფორმაცია აღარ დადასტურებულა.
პარალელურად, ”დაიმლერი” ადასტურებს, რომ უფრო ფართოსალონიანი ”სმარტის” წარმოების საკითხი განიხილება, მაგრამ ამაზე მეტი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
”არსებული ავტომობილის ბაზის ცვლილებით, ჩვენ ახალი ავტომობილების შექმნას შევძლებთ, რომელთა ჩასაჯდომი ფორმულა 2+1, ან 2+2 იქნება”, - გამოცემა ”აუტომოტივ ნიუს იუროპთან” საუბრისას განაცხადა ”სმარტის” შეფმა ანდერს-სუნდტ იენსენმა.
No comments:
Post a Comment