Monday, August 31, 2009

შესაძლოა, ”ტოიოტასთან” ”ბეემვემაც” ითანამშრომლოს

BMW To Team Up With ToyotaFor Isetta?

31 აგვისტო

თანამედროვე ავტოინდუსტრია წარმოების დივერსიფიკაციასა და კოოპერაციას ეყრდნობა - თითქმის ყველა დიდი ავტომწარმოებელი თავის პროდუქციას მთელს მსოფლიოში, დიდი და საშუალო ზომის ბაზრის მქონე რეგიონებში აწარმოებს. მაგალითად, ”ჯენერალ მოტორსს” ამერიკის გარდა, ფესვები მექსიკაში, კანადაში, ევროპასა და ავსტრალიაში აქვს გადგმული და ახლა ინტენსიურად ჩინეთშიც მკვიდრდება. იაპონური კომპანიებიც თავიანთ ავტომობილებს აზიაში, ევროპასა და აშშ-ში აწარმოებენ, ”ფოლკსვაგენიც” ყველგანაა მოდებული.

კოოპერაცია კი კონკურენტ კომპანიებს ერთმანეთთან ათანამშრომლებს - ახალი მოდელების შემუშავებისას, ასე ისინი მნიშვნელოვანი სახსრების დაზოგვას ახერხებენ. გარდა ამისა, კოოპერაცია ზოგიერთ კომპანიას ისეთ სეგმენტებში შეღწევის საშუალებას აძლევს, რომლებშიც ადრე მათ ვერ ნახავდით.

ასეთი თანამშრომლობის უამრავი მაგალითი არსებობს, რომელთაგან ყველაზე სენსაციურის შესახებ, ჩვენ სულ ორი თვის წინ გაუწყეთ - ”ასტონ მარტინს” ჯუჯა ავტომობილის წარმოება აქვს გადაწყვეტილი და ამ მიზნის განსახორციელებლად, ”ტოიოტას” შეუამხანაგდა, რომელიც მას ჯუჯა ჰეჩბეკ iQ-ს (სურათზე) ტექნოლოგიას უზიარებს.

ამ ამბის შემდეგ, სულაც აღარაა გასაკვირი ინფორმაცია, რომელიც დღეს ამერიკულ საავტომობილო ინტერნეტ გამოცემებმა გაავრცელეს - ”ტოიოტასთან” მსგავს თანამშრომლობას ”ბეემვეც” აპირებს, რომელსაც საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილის წარმოება და მისთვის ბრენდ ”ის(ზ)ეტას” გაცოცხლება აქვს გადაწყვეტილი.

ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია არც ”ბეემვეს” დაუდასტურებია და არც ”ტოიოტას”. მაგრამ რამდენიმე გარემოება მიანიშნებს, რომ ისინი დაახლოებას აპირებენ. ორივე კომპანია პატარა ავტომობილების სეგმენტში გააქტიურებას აპირებს (ტოიოტა ამ სეგმენტში დიდი ხნის წინ გაშინაურდა) და ორივესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული ბაზარია, სადაც ახლა სწორედ პატარა ავტომობილებისადმი ინტერესის ზრდა შეინიშნება.

თუ ”ბეემვე” და ”ტოიოტა” თანამშრომლობას მართლაც დაიწყებენ, მათი ერთობლივი გარჯის პირველი შედეგი შეიძლება 2012, ან 2013 წელს ვიხილოთ. უფრო ადრე კი ბავარიელები ბაზარზე ”მინის” მარკით კუპესა და როდსტერს გამოუშვებენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრანკფურტის წლევანდელ ავტოშოუზე, დამთვალიერებელთაგან დადებით გამოხმაურებას მიიღებენ.

მერე კი ნუ გაიკვირვებთ, თუ ”ტოიოტა” ამ ორი ავტომობილის ბაზაზე, თავის სამოდელო გამას გააფართოებს...

No comments:

Post a Comment