Thursday, August 20, 2009

”ჯენერალ მოტორსი” ”იბეიზე” გაყიდვებით კმაყოფილია

eBay Boosts GM Sales

20 აგვისტო

როგორც ჩანს, ”ჯენერალ მოტორსსა” ”იბეის” შორის თანამშრომლობამ გაამართლა და ამერიკული ავტომწარმოებელი თავისი ავტომობილების ინტერნეტით გაყიდვის მექანიზმს კალიფორნიის გარდა, სხვა შტატებშიც დაამკვიდრებს.

ჯერ ერთი თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც ამ ორმა კომპანიამ შტატ კალიფორნიაში ექსპერიმენტული აქცია წამოიწყო და ამ პერიოდში, ”გენერლების” კალიფორნიელმა დილერებმა ”იბეის” ქსელის მეშვეობით, უკვე შეკვეთა თითქმის 2 400 ახალ ავტომობილზე მიიღეს.

უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ”იბეის” მიერ ამ აქციასთან დაკავშირებით, სპეციალურად გახსნილ ვებ გვერდს დაახლოებით 632 000 მნახველი ჰყავდა. ”ჯენერალ მოტორსი” კი დარწმუნებულია, რომ ”იბეისთან” პარტნიორობის გაგრძელების შედეგად, ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ”იბეის” ყოველთვიურად მილიონობით ვიზიტორი ჰყავს და ამ მხრივ, უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნია.

”იბეი მოტორსის” საიტზე ”ჯენერალ მოტორსის” 225 დილერია რეგისტრირებული, რომლებიც მყიდველს ამერიკული ავტომწარმოებლის სამოდელო გამაში შემავალ ყველანაირ ავტომობილს სთავაზობენ. ”გენერლები” აცხადებენ, რომ ყოველდღიურად მყიდველს არჩევანის გაკეთება 20 000 ახალ ავტომობილს შორის შეუძლია. ამ მაჩვენებლებს კი ვერანაირი შოურუმი ვერ გადასწონის.

”ჩვენი და ”იბეის” წყალობით, კალიფორნიელ მყიდველებს ავტომობილის შეძენის ახალი შესაძლებლობები შეექმნთ. ამიერიდან, დილერის შოურუმმა სადგომიდან ლეპტოპში გადაინაცვლა, რაც პოტენციურ მყიდველს უფრო ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს და შესაბამისად, მისი მოზიდვაც უფრო ადვილდება. გააკეთე განაცხადი და მაშინვე შეიძინე, ან თუ კითხვები გაგიჩნდა, უახლოეს დილერს ელექტრონული წერილი გაუგზავნე. ყველაფერი ეს ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებისთვისაა”, - ამბობს ”ჯენეალ მოტორსის” ვიცე პრეზიდენტი გაყიდვების საქმეში მარკ ლანევე.

No comments:

Post a Comment