Thursday, August 20, 2009

”ვისმანის” ყველაზე მძლავრი როდსტერი ფრანკფურტისთვის ემზადება

Wiesmann Roadster MF5

20 აგვისტო

ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია ”ვისმანმა” გამოაცხადა, რომ ხელნაკეთ სპორტულ მოდელ ”როდსტერ MF5-ის” მსოფლიო პრემიერას ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩაატარებს. ეს კომპანიის საწარმოო პროგრამაში ყველაზე მძლავრი როდსტერი იქნება.

ახალი ავტომობილი აღჭურვილია ”ბეემვეს” წარმოების 5.0-ლიტრიანი V10 ძრავით, რომელიც 507 ცხენის ძალას და 520 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან დაკავშირებულია 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, რომელზეც მძღოლი გადაცემის საფეხურებს საჭის რგოლის უკან განთავსებული ბერკეტებით ცვლის.

ამ წყვილის მეშვეობით, ”ვისმან როდსტერ MF5” ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.9 წამში ავითარებს მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ს აღწევს. იმისათვის, რომ ასეთი ტემპერამენტის მქონე ავტომობილი დამორჩილებადი იყოს, იჟინრებმა ის სპეციალურად შემუშავებული საკიდარით აღჭურვეს. გარდა ამისა, ავტომობილს უკანა ნაწილში აქვს ავტომატურად რეგულირებადი ანტიფრთა, რომელიც დახრის კუთხეს სიჩქარის შესაბამისად, კომპიუტერის მითითებით იცვლის.

ავტომობილის მზიდი ელემენტი ალუმინის მონოკოკია, რომელსაც გვერდებზე დამცავი სეგმენტები აქვს დამაგრებული. ეს სეგმენტები სალონს და მასში მყოფთ გვერდითა დაჯახების შემთხვევაში იცავს. გარდა ამისა, სალონში ორივე ადგილს წყვილი აირბალიშიწ იცავს.

”ვისმანი” მხოლოდ 55 ცალი ”როდსტერ MF5-ის” წარმოებას გეგმავს, რომელთაგან თითოეულის ფასი 189 500 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment