Wednesday, August 19, 2009

”დივონ GTX” რეკორდით იწყებს

Devon GTX

19 აგვისტო


სკოტ დივონი წლების განმავლობაში გაყინული ხილის ბიზნესს მისდევდა და საკმაოდ სარფიანად ვაჭრობდა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში იმაზე ოცნებობდა, რომ რომელიმე ამერიკულ კომპანიას ისეთი ავტომობილები გამოეშვა, რომლებიც იტალიურ სუპერებს გაუწევდა კონკურენციას.

მოგვიანებით, მან საკუთარი ავტოკომპანია - ”დივონ მოტორუორკსი” დააარსა და თავისი ოცნების ასრულება თავად გადაწყვიტა. შარშან კი მოულოდნელად, აწყობილი საქმის შეძენის შანსი გაუჩნდა, როდესაც ”კრაისლერმა” გამოაცხადა, რომ ”დოჯ ვაიპერის” ცალკე ბრენდად გაყიდვას აპირებდა.

გაკოტრების პირას მდგარ ამერიკულ კომპანიას დივონმა ”ვაიპერის” ბიზნესში 5.5 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. შემდეგ ”კრაისლერი” ჯერ გაკოტრდა, შემდეგ იტალიურმა ”ფიატმა” შეისყიდა, რომელმაც ”ვაიპერის” დატოვება გადაწყვიტა. დივონი კი თავისი ოცნების ასრულებას ისევ საკუთარი ძალებით შეუდგა.

და აი, პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსის დამსწრე საზოგადოებამ პირველმა იხილა სპორტული ავტომობილების ენთუზიასტის პირველი შედევრი - ”დივონ GTX”, რომელიც იმავე ”დოჯ ვაიპერის” პროპორციებს იმეორებს და ამავე სუპერავტომობილის პლატფორმაზეა აგებული.

”ვაიპერის” პლატფორმის გამოყენებას ერთი ძირითად მიზეზი ჰქონდა - ამგვარად, ”დივონ მოტორუორკსმა” თავიდან აიცილა საკუთარი პლატფორმის შექმნასთან და მის ქრეშ ტესტებთან დაკავშირებული სოლიდური ხარჯები. უფრო მეტიც, მან ძირითადი აგრეგატებიც ”ვაიპერისგან” ისესხა და ფაქტობრივად, მყიდველს სწორედ ”დოჯის” სუპერავტომობილის ახლებური ვერსია შესთავაზა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ვერსია საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა.

”დივონ GTX” აღჭურვილია 8.4-ლიტრიანი V10 ძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 650 ცხენის ძალას აღწევს (6 100 ბრ/წთ-ზე). ძრავთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ჯერჯერობით უცნობია სპორტული ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები (სრულფასოვანი ტესტები ჯერ არ ჩატარებულა). სამაგიეროდ, ამ ავტომობილით უკვე დამყარდა ავტოდრომ ”ლაგუნა სეკას” რეკორდი (სერიული ავტომობილებისთვის) - ბრიტანელმა ჯასტინ ბელმა, ვისაც ”ვაიპერით” FIA-ს GT-ს ჩემპიონატი აქვს მოგებული, ერთი წრე წუთსა და 35.075 წამში გაიარა. შედარებისთვის, მონათესავე ”ვაიპერს” ლაგუნს ერთი წრე წუთსა და 35.117 წამში აქვს გავლილი, ”ნისან GT-R-ს” საუკეთესო წრე წუთი და 39.62 წამია, ”პორშე 911 ტურბოსი” კი - წუთი და 39.89 წამი.

”დივონ მოტორუორკსი” წლიურად მხოლოდ 36 ცალი GTX-ის წარმოებას გეგმავს, თითოეულს კი 500 000 მილიონ დოლარად გაჰყიდის. და თუ მყიდველი დამატებითი ოპციის სახით სარბოლ ეკიპირებასაც შეუკვეთავს, ეს მას 25 000 დოლარი დაუჯდება.

No comments:

Post a Comment