Wednesday, August 19, 2009

”ბუგატის” სამი კონცეპცია

Bugatti

19 აგვისტო


”ბუგატიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანკფურტში თავისი უახლესი ავტომობილის - ოთხკარიანი კუპეს ჩვენებას აპირებს. ამასთან, კომპანიის შეფმა ფრანც-იოზეფ პაეფგენმა ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას განაცხადა, რომ ფრანკფურტის ავტო შოუზე მისი კომპანია ოთხკარიანი მოდელის სამ კონცეპტუალურ ვერსიას წარადგენს.

კომპანიის მიზანია, ამ სამ კონცეპციაზე შოუს დამთვალიერებელთა გამოხმაურებების შეგროვება და მათი შეჯამების შემდეგ, არჩევანის გაკეთება. პაეფგენმა არ დაადასტურა (და არც უარყო) გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ახალ ავტომობილს ”ბორდოს” დაარქმევენ. უბრალოდ, განაცხადა, რომ ამ ავტომობილისთვის ჯერ სახელი შერჩეული არაა.

მანვე განაცხადა, რომ ახალი, ოთხკარიანი ”ბუგატი” არ იქნება ბაზირებული ”ბენტლის” უახლეს სუპერავტომობილ ”მულსანის” პლატფორმაზე (ორივე კომპანია ფოლკსვაგენის ჯგუფში შედის), რომლის დებიუტიც ახლახანს, მონტერეიში (კალიფორნია), პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე შედგა.

”ახალ ”ბუგატის” სულ სხვა კონცეპციით ვქმნით და მას სრულიად განსხვავებული გაბარიტები უნდა ჰქონდეს. და საერთოდ, ძალიან ძნელია ”მულსანსა” და ჩვენს ახალ ავტომობილს შორის საერთოს მონახვა. ამასთან, ოთხკარიანი ”ბუგატი” იქმნებოდა, როგორც ექსკლუზიური ავტომობილი. მას სულ 150 ცალს დავამზადებთ. ამდენად, ადვილი მისახვედრია, რომ მისი წარმოებისას სრულიად განსხვავებულ მასალებსა და ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ”, - ამბობს პაეფგენი.

კომპანიის შეფს არაფერი უთქვამს ოთხკარიანი ”ბუგატის” აღჭურვილობის შესახებ. ინტერნეტით გავრცელებული ხმების მიხედვით, ის ძრავს ”ვეირონისგან” ისესხებს. ესაა 8.0-ლიტრიანი W16, რომელსაც ოთხი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ეს ძრავი 1001 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მეშვეობით, ”ვეირონის” მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ზე მეტია.

No comments:

Post a Comment