Monday, August 17, 2009

”ვენგა” – ”კიას” ახალი კომპაქტვენი

Kia Venga

17 აგვისტო

ფრანკფურტის ავტო შოუს დაწყებამდე ერთი დღეც აღარ დარჩა და ავტომწარმოებელთა უმეტესობამ უკვე დაიწყო იმ სიახლეთა ფოტო ტისერების და ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლებსაც საზოგადოება გამოფენისას, მათს პავილიონებში იხილავს.

თავის მყიდველს სიახლეებს ”კიაც” უმზადებს, რომელთაგან ერთის, სრულიად ახალ მიკროვენ ”ვენგას” ფოტოები ინტერნეტით დღეს გავრცელდა. კორეული კომპანია ამ ავტომობილს მრავალმხრივი დანიშნულების ავტომობილს (MPV) უწოდებს. თუმცა ”ვენგა” აშკარად ჰეჩბეკია და შესაბამისი ძარის მქონე ”ფორდ ფიესტას” უპირებს მეტოქეობას, რომელიც ევროპაში ბაზრის B-სეგმენტის გამოკვეთილი ლიდერია.

ცოტა უცნაურია, მაგრამ იმ დროს, როდესაც ამერიკული ”შევროლე” თავის ახალ ავტომობილებს კორეელ ინჟინრებს ამუშავებინებს, კორეული ”კია” ახალი მოდელების შესაქმნლად თავის ევროპულ საინჟინრო განყოფილებას იყენებს - ”ვენგა” მთლიანად ევროპაშია შემუშავებული.

”ვენგას” კონცეპტუალური ვერსია (სახელით No3) ”კიამ” პირველად ჟენევის ავტო შოუზე წარადგინა. ამ ორი ავტომობილს შორის გარეგნული სხვაობა მინიმალურია. ”ვენგას” სიგრძე 4068 მმ, სიმაღლე 1600 მმ და ბაზა 2615 მილიმეტრია. ის სულ რამდენიმე მილიმეტრით გრძელია ”ფიესტაზე” და როგორც კორეული კომპანია აცხადებს, სიგრძეში სხვაობა მხოლოდ სალონის ხარჯზე მოდის.

ახალი ავტომობილისთვის სულ ორი ძრავია განკუთვნილი. ერთია 1.4-ლიტრიანი ბენზინის, მეორე კი - 1.6-ლიტრიანი დიზელის. შესაბამისად, მათი სიმძლავრე 75 და 115 ცხენის ძალაა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ პატარა ავტომობილის სტანდარტულ აღჭურვილობაში სისტემა სტარტ/სტოპი შედის, რომელიც ისედაც მცირეაპეტიტიანი ავტომობილის საწვავის ხარჯს და მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას მნიშვნელოვნად ამცირებს. სისტემა ავტომობილის შუქნიშანზე, ან საცობში დგომის დროს, ავტომატურად თიშავს ძრავს და მას ავტომატურადვე რთავს, როგორც კი მძღოლი აქსელერატორის სატერფულს აწვება.

ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ”ვენგას” ფასი. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ მას ”კიას” ჩეხური ქარხანა გამოუშვებს, მისი გაყიდვები კი წელსვე დაიწყება.

No comments:

Post a Comment