Sunday, August 16, 2009

გაიცანით: ბენტლი მულსანი
Bentley Mulsanne
16 აგვისტო


”ბენტლისგან” ამ ავტომობილს დიდხანს ელოდნენ. მოლოდინი მას შემდეგ დაიწყო, რაც ”ბენტლი” და ”როლს როისი” გერმანულმა კომპანიებმა - (შესაბამისად) ”ფოლკსვაგენმა” და ”ბეემვემ” დაინაწილეს, ”როლს როისი” კი ”ფანტომის” წარმოებას შეუდგა. ”ბენტლის” სამოდელო გამაში შესაბამისი კლასის ”არნაჟი” კი ჰყავდა, მაგრამ ის გვარიანად მოძველებული იყო, რის გამოც, ფასით ”ფანტომს” მცირე კონკურენციასაც ვერ უწევდა.

და აი, კალიფორნიის მონტერეიში, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, ინგლისურმა კომპანიამ საზოგადოებას პირველად უჩვენა ავტომობილი, რომელსაც ლე მანის ავტოდრომის 90-გრადუსიანი მოსახვევის სახელი ჰქვია და რომელიც მალე ჩაანაცვლებს ”არნაჟს”. და რაც მთავარია, ბაზარზე ”ფანტომის” შევიწროებას ეცდება.
პებლ ბიჩში ”ბენტლი მულსანის” პირველი ჩვენება შედგა, რომელზეც მწარმოებელმა თავისი სიახლის შესახებ მწირი ინფორმაცია გაავრცელა. მაგრამ კომპანიამ პირობა დადო, რომ ამ ავტომობილის დახასიათებას მედიას ფრანკფურტის ავტო შოუზე გააცნობს, სადაც ”მულსანის” მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
სხვათა შორის, ”ბენტლი” აცხადებს, რომ ”მულსანი” ”არნაჟის” პირდაპირი შემცვლელი არაა. მისი წარმოება კომპანიამ მაშინ დაიწყო, როდესაც ”ბენტლი” და ”როლს როისი” ერთი კომპანია იყო და შიდა კონკურენციის გამოსარიცხად, ”ბენტლის” ავტომობილებს შედარებით დაბალი ნიშა ეკავათ. სამაგიეროდ, ”მულსანი” აშკარად ”როლს როის ფანტომის” მეტოქეა. მოკლედ, ”მულსანს” და ”არნაჟს” ერთმანთისგან პოზიცია განასხვავებს.
”ბენტლი მულსანი” მოდიფიცირებული 6.75-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მახასიათებლებიც ჯერ არ ქვეყნდება. სამაგიეროდ, კომპანია აცხადებს, რომ მისმა ინჟინრებმა ძველ აგრეგატს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და ნაწილი შეუცვალეს, რისი წყალობითაც, გაუმჯობესდა როგორც ძრავის სიმძლავრე და ეკონომიურობა, ასევე მისი მიმღებიანობაც, რაც ავტომობილს ტემპერამენტიანს გახდის.
რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ახალი ”მულსანი” 1930-იანი წლების შემდეგ პირველი ავტომობილია, რომელიც მთლიანდ ”ბენტლის” ინჟინრების მიერაა შექმნილი - ”კონტინენტალს” და მის მოდიფიკაციებს ზოგიერთი დეტალი ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი ”აუდისგან” აქვს მიღებული, უფრო ადრინდელ მოდელებს კი ბევრი საერთო ”როლს როისის” ავტომობილებთან ჰქონდათ.
დაბოლოს, ახალი ავტომობილის გარდა, ”ბენტლიმ” პებლ ბიჩში ძველი, 1930-1931 წლების 8-ლიტრიანი ”ბენტლიც” წარადგინა, რომლის პირდაპირი შთამომავალიც ახალი ”მულსანია”.

No comments:

Post a Comment