Friday, August 28, 2009

ფრანკფურტისთვის ”მერსედესი” წყალბადზე მომუშავე ავტომობილს ამზადებს

Mercedes B-Klasse F-Cell

28 აგვისტო

”მერსედეს-ბენცი” ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე ელექტრომობილს წარადგენს, რომელიც B-კლასის ჰეჩბეკის ბაზაზეა დამზადებული და რომლის წარმოებაც წელსვე დაიწყება. ელექტრომობილი თავისი დინამიკური მახასიათებლებით ახლოსაა 2.0-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით აღჭურვილ, იმავე კლასის ჰეჩბეკთან. წყალბადზე მომუშავე ავტომობილის პირველი 200 ეგზემპლარი ევროპასა და აშშ-ში გაიყიდება.

ამგვარად, შტუტგარტული კომპანია, წყალბადის ფიჭური ელემენტებით (F-Cell) აღჭურვილი ელექტრომობილების სერიულად წარმოების მხრივ, პიონერი ხდება. ასეთ ავტომობილს ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. ის აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის მეშვეობით გადაადგილდება და როდესაც აკუმულატორები განიმუხტება, მათ შესავსებად საქმეში ფიჭური ელემენტები ერთვება, რომლის მთავარი მუშა ტანი აიროვანი წყალბადია. ეს წყალბადი, 700 ატმოსფერული წნევის ქვეშ, ატმოსფეროში არსებულ ჟანგბადს უერთდება და რეაქციის დროს, ელექტროდენს აღძრავს. ასეთი დანადგარის თანმდევი პროდუქტი კი მხოლოდ წყალია.

წყალბადზე მომუშავე B-კლასის ჰეჩბეკი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც მაქსიმუმ 136 ცხენის ძალას და 290 ნიუტონმეტრს, ძრავის როტორის პირველივე ბრუნზე გამოიმუშავებს. ელექტროძრავს ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვებული ელექტროენერგია ამუშავებს, რომლის წყალობითაც, ავტომობილის სვლის სიშორე 385 კილომეტრს აღწევს. აკუმულსტორების ღირსებათა შორის მისი ის თვისებაცაა, რომ ის დენს მინუს 25 გრადუსზეც (ცელსიუსით) კი ადვილად იძლევა.

სერიოზული პრობლემა, რომელიც წყალბადის ფიჭურ ელემენტებიან B-კლასის ჰეჩბეკის პოპულარიზაციას ხელს შეუშლის, ისაა, რომ მთელს მსოფლიოში, წყალბადით გასაწყობი სადგურები პრაქტიკულად არ არსებობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ”დაიმლერის” ხელმძღვანელობა გერმანიის მთავრობასთან, ენერგეტიკულ და ნავთობკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლებთან ერთადაც, ერთობლივი საწარმოების შექმნას და მათი მეშვეობით, წყალბადით გასაწყობი სადგურების ქსელის დაარსებას ცდილობს. ასეთი ქსელები კი, გერმანიის დიდი ქალაქების - ჰამბურგისა და შტუტგარტის გარდა, აშშ-ის კალიფორნიაშიც შეიქმნება.

No comments:

Post a Comment