Sunday, August 30, 2009

”სააბ 9-5” - გაცნობა პრემიერის წინ

Saab 9-5

30 აგვისტო



შვედურმა კომპანია ”სააბმა” სედან 9-5-ის ახალი თაობის მოდელის ფოტოები და მცირე ინფორმაცია გაავრცელა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ორ კვირაში ფრანკფურტის საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე შედგება.

ახალი ”სააბ 9-5” ”ჯენერალ მოტორსის” გლობალურ პლატფორმა ”ეპსილონ II-ზეა” აგებული, რომელიც ამერიკული კომპანიის კიდევ ერთმა ევროპულმა ბრენდმა ”ოპელმა”, თავისი უახლესი სედან ”ინსინიას” ასაგებად გამოიყენა. ახალი ავტომობილის სიგრძე წინამორბედისასთან შედარებით, 17 სანტიმეტრით, ბაზა კი - 13 სანტიმეტრით, 2.84 მეტრამდე გაიზარდა.

ახალი ავტომობილი კონცეპტუალური ”აერო-X-ის” სტილშია შესრულებული, რომელთანაც მსგავსება განსაკუთრებით მის შემინულობასა და ინტერიერის გაფორმებაში იგრძნობა.

ავტომობილისთვის ორი ტიპის საკიდარია შემუშავებული, რომლებსაც მწარმოებელი ძრავის სიმძლავრის შესაბამისად გამოიყენებს. ორივე შემთხვევაში, საკიდარი ადაპტირებადია, მას და სრულამძრავიანი ტრანსმისიის უკანა დიფერენციალს კი ელექტრონიკა აკონტროლებს.

სრულამძრავიანი ტრანსმისიით 9-5-ის მხოლოდ ის ვარიანტებია აღჭურვილი, რომელთა კაპოტქვეშაც ტურბოძრავები (ბენზინის) თავსდება. ასეთი კი ორია - 2.0 და 2.8-ლიტრიანი, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე შესაბამისად, 220 და 300 ცხენის ძალას აღწევს. ასევე ბენზინზე მუშაობს 1.6-ლიტრიანი ძრავი 180 ცხენის ძალით და 2.0-ლიტრიანი ”ბიოპაუერ”, რომელსაც ბიოეთანოლიან საწვავ Е85-ზე მუშაობაც შეუძლია. საწვავად დიზელს მხოლოდ ერთი ძრავი იყენებს, რომლის მუშა მოცულბა 2.0 ლიტრი, სიმძლავრე კი 160 ცხენის ძალაა. ყველა ძრავთან შესაწყვილებლად 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური კოლოფებია განკუთვნილი.

ახალი 9-5-ის სალონში მოთავსებულია საპროექციო დისპლეი, რომელსაც წინა საქარე შუშაზე გამოაქვს ავტომობილის სიჩქარის, ძრავის ბრუნთა რიცხვის, გადაცემათა კოლოფში შერჩეული საფეხურის, კრუიზ კონტროლის და სხვა მონაცემები.

შვედური კომპანია 9-5-ის გაყიდვას მერმის დაიწყებს, ევროპელ დიზილერებთან ავტომობილის საბაზო ღირებულება კი 34,7 ათასი ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment