Thursday, August 13, 2009

”ფოლკსვაგენი” ფრანკფურტში ზეეკონომიურ ავტომობილს გამოფენს

VW 1 Liter Car

13 აგვისტო

ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე, გერმანული კომპანია ”ფოლკსვაგენი” თავის ზეეკონომიურ კონცეპტუალურ ავტომობილს წარმოადგენს, რომელიც მწარმოებლის მონაცემებით, 100 კილომეტრს 1 ლიტრი საწვავით გადის.

გამოცემა ”ფოკუსის” ცნობით, რომელმაც ეს ინფორმაცია უშუალოდ ”ფოლკსვაგენიდან”, ინკოგნიტო წყაროსგან მოიპოვა, ასეთი ეკონომიურობა უპირველესად, ავტომობილის უაღრესად მცირე წონის წყალობითაა მიღწეული. კონცეპტუალური მოდელი, რომლის სახელიც ჯერჯერობით უცნობია, მსუბუქი მასალებისგანაა დამზადებული. მაგალითად, მისი ძარა ნახშირბადოვანი კომპოზიტისაა, ჩარჩო კი, რომელზეც ძარა ”ზის”, ალუმინისა და მაგნიუმის მასალებითაა შეკრული. შასის დასამზადებლად, ასევე ტიტანისა და კერამიკული მასალებია გამოყენებული. საბოლოო შედეგი კი მართლაც დაუჯერებელია - ორადგილიანიუ ავტომობილი სულ რაღაც 290 კილოგრამს იწონის.

ავტომობილს მამოძრავებელ ძალას მასავით ციცქნა, ორცილინდრიანი შიდაწვის ძრავი ანიჭებს, რომლის მუშა მოცულობა ჯერჯერობით უცნობია. ის სულ რაღაც 45 ცხენის ძალას იძლევა, რაც ამ პატარა ავტომობილისთვის სრულიად საკმარისია. რაც მთავარია, როგორც ”ფოკუსი” გვაუწყებს, სწორედ ეს ძრავი მოიხმარს ას კილომეტრზე ერთადერთ ლიტრ საწვავს.

სხვათა შორის, მსგავსი მონაცემების მქონე ავტომობილით ვოლფსბურგელებმა საავტომობილო სამყარო ერთხელ უკვე გააოცეს. ეს შვიდი წლის წინ მოხდა, მაგრამ იმ ავტომობილს, რომლის ეკონომიკური მაჩვენებლებიც არავის შეუმოწმებია, განვითარება არ ეღირსა, რადგან მაშინ არც ეკოლოგიაზე ზრუნავდა ასე ვინმე და არც საწვავი იყო მეტისმეტად გაძვირებული და შესაბამისად, არც ზეეკონომიურ ავტომობილებზე იყო მოთხოვნა.

და მაინც, ის ავტომობილი (ასევე უსახელო, რის გამოც, მას მსოფლიო მას ერთლიტრიან ფოლკსვაგენად იცნობს) ერთცილინდრიანი, 0.3-ლიტრიანი დიზელის აგრეგატით იყო აღჭურვილი, რომელიც სულ რაღაც 8.5 ცხენის ძალას იძლეოდა. მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ ყოფილიყო. სხვათა შორის, იმავე ”ფოკუსის” ინფორმაციით, ახალ და ძველ ”ერთლიტრიან” კონცეპტუალურ მოდელებს მხოლოდ ერთი რამ - სალონის შეთანწყობა ექნება ერთნაირი. მასში ერთადერთი მგზავრის სავარძელი მძღოლის სავარძლის უკან განლაგდება.

დაბოლოს, ყველაზე საოცარი: ”ფოკუსისავე” ინფორმაციით, ”ფოლკსვაგენი” ამ ავტომობილის წარმოებას გეგმავს! სავარაუდოდ, ის კომპანიის დილერთა შოურუმებში 2013 წელს გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment