3 აგვისტო
„არიელ ატომი“ შეიძლება დახვეწილი გარეგნობით არ
გამოირჩევა (კი არა და, უშნოა), მაგრამ ბევრს მისი დინამიურობა აღაფრთოვანებს. ის
ერთგვარი ეტალონია, როდესაც შედარებით იაფსა და ნაკლები ცხენის ძალის მქონე ავტომობილებს
ვადარებთ, მაგრამ ალბათ არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ - რა იქნება, თუ ამ „გატყავებულ“
მანქანას ცხენების დამატებით ჯოგს მიაშველებთ...
ეს კითხვა დაებადა სამხრეთ კაროლინაში (აშშ)
ბაზირებულ კომპანია „DDM უორკსს“, რომელმაც მასზე პასუხის გაცემა თავადვე
ისურვა. მისმა სპეცისლისტებმა პირველ
რიგში, სერია „ეკოტეკის“ (ჯენერალ მოტორსის წარმოება) 2.0-ლიტრიანი ძრავი
დახვეწეს. შეიცვალა მისი ზოგიერთი დეტალი, მაგალითად დგუშები, რომელთა ზედაპირიც კერამიკული
ფენით დაიფარა. ძრავი თითო მექანიკური და ტურბო დამჭირხნით აღიჭურვა.
საბოლოოდ, ძრავის სიმძლავრემ 700 ცხენის ძალას
მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილი სულ რაღაც, 657 კილოგრამს იწონის,
ეს მეტისმეტად ბევრია. წარმოიდგინეთ, ერთ კილოგრამს ამიერიდან ერთ ცხენის ძალაზე
მეტი მიერეკება. სიმძლავრის და წონის ასეთი თანაფარდობით, თვით „ბუგატი ვეირონიც“
კი ვერ დაიკვეხნის!
რა თქმა უნდა, სიმძლავრის ამ ტაიფუნის უკეთ სამართავად,
„DDM უორკსის“ სპეციალისტებმა „ატომს“ უკან 275 მილიმეტრი სიგანის საბურავები
დაუყენეს. დაიხვეწა საკიდარი და ტრანსმისია და მუხრუჭები.
„DDM უორკსი“ მყიდველს, მის მიერ გამხეცებულ
ავტომობილს ფორსირების სამი დონით სთავაზობს. პირველის სიმძლავრე მხოლოდ 450 ცხენის
ძალაა, მეორისა - 575 ცხენის ძალა (თითქმის ორჯერ მეტი სტანდარტული ატომის
სიმძლავრეზე), მესამისა კი - 700.
ამერიკული კომპანია სრულყოფის ფასს ჯერჯერობით არ ახმაურებს.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment