Thursday, August 27, 2009

”ვისმანის” ფრანკფურტული სიურპრიზი

Wiesmann in Frankfurt

27 აგვისტო

ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენის დამთვალირებლებს, ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელ ”ვისმანისგან” საინტერესო სიურპრიზი ელით. გარდა იმისა, რომ გერმანული კომპანია იქ თავის სიახლეს - როდსტერ MF5-ს წარადგენს, ”ვისმანს” დამთვალიერებელთა მისაზიდად ერთი საინტერესო ხრიკიც აქვს ჩაფიქრებული - კომპანიის თანამშრომლები საგამოფენო პავილიონში, შოუს მსვლელობისას, ათასობით დამთვალიერებლის თვალწინ, ავტომობილს ააწყობენ!

”ამ გზით, ჩვენ საშუალება გვექნება, გამოფენის დამთვალიერებლებს, მომავალ მყიდველსა და მედიას, ჩვენი საწარმოო შესაძლებლობები ვუჩვენოთ. ცოტა ხნით, ჩვენ წარმოებას დიულმენიდან ფრანკფურტში გადმოვიტანთ”, - სპეციალურად გამოქვეყნებულ პრეს რელიზში წერს ”ვისმანის” დამაარსებელი და მთავარი მენეჯერი ფრიდჰელმ ვისმანი.

საექსპერიმენტოდ კომპანიამ თავისი პოპულარული კუპე GT MF4 (სურათზე) შეარჩია, რომელიც 4.8-ლიტრიანი, 367-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი. გამოფენის დროს, ავტომობილის აწყობაზე მხოლოდ ორი მექანიკოსი იმუშავებს. აწყობის პროცესს ტელეკამერებით გადაიღებენ და პირდაპირი ჩართვით, ციფრული ტელევიზიის არხებით, მთელს მსოფლიოში გადასცემენ.

თუმცა, ესოდენ უჩვეულო სანახაობის მიუხედავად, ”ვისმანის” პავილიონში მთავარი პერსონაჟი მაინც ახალი როდსტერი MF5 იქნება. ამ ავტომობილს, რომელიც ”ბეემვეს” V10 ძრავით (507 ცხენის ძალა და 520 ნიუტონმეტრი) აღიჭურვება, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ს აღწევს.

”ვისმანი” მხოლოდ 55 ცალი MF5-ის წარმოებას გეგმავს, თითოეულს კი 189 500 ევროდ გაჰყიდის.

No comments:

Post a Comment