Sunday, September 13, 2009

”ლოტუსმა” ჰიბრიდებისთვის შიდაწვის აგრეგატი შეიმუშავა

Lotus Range Extender Engine

13 სექტემბერი

ინგლისურმა კომპანია ”ლოტუსმა”, რომელიც მალაიზიური ”პროტონის” ჯგუფში შედის, სპეციალური, სამცილინდრიანი შიდაწვის აგრეგატი შეიმუშავა, რომლის დანიშნულებაც ჰიბრიდული ავტომობილების სვლის სიშორის გაზრდაა. ამ ძრავს, რომლის სახელწოდებაც ”რეინჯ ექსტენდერია”, ის საზოგადოებას პირველად ფრანკფურტის ავტო შოუზე წარუდგენს.

შიდაწვის ძრავის სამუშაო მოცულობა 1.2 ლიტრია, ის მხოლოდ 56 კილოგრამს იწონის და 47 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მწარმოებლის განცხადებით, როდესაც ამ ძრავის ბრუნთა რიცხვი წუთში 1 500-ს აღწევს, მასთან დაკავშირებული გენერატორი 1500 კილოვატ ელექტროენერგიას იძლევა და თუ ბრუნთა რიცხვი 3 500-მდე იზრდება, გენერატორის მიერ გამომუშავებული სიმძლავრე 35 კილოვატს აღწევს.

”მსოფლიო იცვლება და მასთან ერთად, ჩვენც ვიცვლებით. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მასობრივი წარმოებისთვის გამოსადეგი ტექნოლოგიებზე. ძრავი ”რეინჯ ექსტენდერი” სწორედ ამის მაგალითია. ჩვენ მას სხვა კომპანიებს ჰიბრიდული აგრეგატებისთვის შევთავაზებთ. ჩვენი კონცეპტუალური ძრავი კომპაქტური, მსუბუქი და იაფია. ის ნათელი დემონსტრაციაა იმისა, რომ თავის პროექტებს ”ლოტუსი” მისთვის ჩვეული პროფესიონლიზმით ასრულებს”, - ამბობს ”ლოტუს ინჯინიარინგის” მმართველი დირექტორი პოლ ნიუსომი.

ძრავი უცნურია იმ კუთხით, რომ მას ცილინდრების ბლოკი, ამ ბლოკის თავი და გამოსაბოლქვი კოლექტორი ერთ მთლიან ბლოკად აქვს შესრულებული. მისი დანიშნულება კი მხოლოდ ისაა, რომ მასთან დაკავშირებული გენერატორის მეშვეობით, ავტომობილის მოძრაობის პროცესშივე უზრუნველყოს აკუმულატორების ელექტროენერგიით დამუხტვა.

”ლოტუსის” გარდა, პროექტზე ასევე მონაწილეობდნენ ”იაგუარის”, ”კაპაროს” და სხვა კომპანიების სპეციალისტები. მათი ერთობლივი გარჯის საბოლოო მიზანი კი მაღალი კლასის სედანის შექმნა, რომელსაც ბიძგს ჰიბრიდული აგრეგატი მისცემს.

No comments:

Post a Comment