Friday, October 23, 2009

”მაზდას” ახალი ძრავები

Mazda

23 ოქტომბერი

ტოკიოს საავტომობილო შოუზე ”მაზდას” რამდენიმე ახალი ტექნოლოგია აქვს გამოფენილი, ბენზინზე მომუშავე ძრავი SKY-G საწვავის პირდაპირი შეფრქვევით, SKY-D დიზელის ”სუფთა” აგრეგატი და მაღალეფექტური ტრანსმისია SKY-დრაივ. ამათ გარდა, იაპონური კომპანიის სტენდზე ასევე გამოფენილია კომპაქტური კონცეპტუალური მოდელი ”კიორა”, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, 100 კილომეტრის გასავლელად სულ რაღაც 3.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

”მაზდას” განცხადებით, ბენზინის ახალი ძრავი SKY-G, ამავე კომპანიის 2.0-ლიტრიან აგრეგატთან შედარებით, თითქმის 15 პროცენტით ეკონომიურია. იაპონური კომპანიის განმარტებით, ასეთი ეკონომიურობა მიღწეულია იმით, რომ ძრავი საწვავის ახალი თაობის ფრქვევანებით და უზუსტესი გაზგამანაწილებელი სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც ცვალებადი, კომპიუტერის მიერ რეგულირებადი, შეშვება-გამოშვების ფაზები აქვს. ასეთი ძრავის წყალობით, ამიერიდან ”მაზდა3” ისეთივე ეკონომიური გახდება, როგორიც მასზე პატარა ”მაზდა2-ია”.

დაახლოებით, იმავე ეფექტურობით გამოირჩევა დიზელის აგრეგატი SKY-D (არც ბენზინის და არც დიზელის ძრავების ლიტრაჟი არ გამოქვეყნებულა), რომელიც ”მაზდასივე” 2.2-ლიტრიან აგრეგატზე თითქმის 20 პროცენტით ეკონომიურია. SKY-D-ს მეშვეობით, ”მაზდა6-ს” ისეთივე მცირე აპეტიტი აქვს, როგორიც ”მაზდა2-ს”.

საწვავის ეკონომიურად ხარჯვაზეა მოწოდებული ტრანსმისია SKY-დრაივიც. მისი მეშვეობით, ავტომობილის ეკონომიურობა 5 პროცენტით უმჯობესდება. ”მაზდას” განცხადებით, ტრანსმისიის ეკონომიურობა მისმა სრულიად ახალმა, რაციონალურმა კონსტრუქციამ განაპირობა, რომლის წყალობითაც, მნიშვნელოვნადაა შემცირებული დეტალებს შორის ხახუნი. გადაბმის ქურიში კი, ფრიქციულ ელემენტებს შორის უქმე მოსრიალება მინიმიზებულია. ”მაზდა” ირწმუნება, რომ ეს ქურო ისევე ეფექტურია, როგორც ორდისკოიანი ქუროები.

No comments:

Post a Comment