Friday, October 23, 2009

”ჰონდა” ეკოლოგიურად სუფთა სუპერ ავტომობილს გამოუშვებს

Honda would consider 'green' sports car

23 ოქტომბერი

ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, იაპონური ”ჰონდა” მაინც განიხილავს სპორტული ავტომობილის გამოშვების პერსპექტივას. ოღონდ, კომპანიის მთავარ აღმასრულებელ ტაკანობუ იტოს განცხადებით, ეს იქნება გარემოსადმი მეგობრული ავტომობილი და მისი შემუშავება მაშინვე დაიწყება, როგორც კი მწარმოებელი ამისათვის აუცილებელ ფულად სახსრებს გამოძებნის.

”ჩვენ გვჭირდება ავტომობილი, რომელშიც ჩვენი კომპანიის ყველა ტექნოლოგიურ სიახლეს და მიღწევას გამოვიყენებთ. მის გამოშვებაზე ზრუნვას კი მაშინ დავიწყებთ, როდესაც ამისათვის საჭირო ფულად სახსრებს გამოვძებნით. ეს ავტომობილი, ჩვენი ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლო უნდა გახდეს”, - ტოკიოს საავტომობილო შოუს გახსნისას განაცხადა იტომ.

ცნობისათვის, ”ტოიოტა” მალე დაიწყებს უახლესი სუპერ ავტომობილის - ”ლექსუს LFA-ს” წარმოებას. ამ ავტომობილის კაპოტქვეშ მოთავსებულია 4.8-ლიტრიანი V10 ძრავი, რომლის მეშვეობითაც, მისი მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ს აღწევს. ამ ავტომობილს მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ და თითოეული მათგანი 375 000 დოლარად გაიყიდება.

ამ კლასის ავტომობილს, სახელად NSX, ”ჰონდა” 1990-იან წლებში აწარმოებდა და ის მეტად პოპულარული იყო ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე. დღეს ეს ნიშა ”ჰონდას” აუთვისებელი აქვს. სხვათა შორის, NSX-ის შემუშავებას სწორედ იტო ხელმძღვანელობდა და ახლა, როცა მთელი კომპანიის სათავეში იმყოფება, ის ცარიელი ნიშის შევსებას აპირებს.

ასეთი ავტომობილის შემუშავების გადაწყვეტილება ”ჰონდამ” კრიზისამდე მიიღო (აკურას მარკით - სურათზე), მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, პროექტი დროებით შეჩერდა. ახლა კი ამ პროექტს ძირეული გადაკეთება ელის, რადგან გადაწყდა, რომ ავტომობილი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს და იმავდროულად, ისეთივე დინამიკური შესაძლებლობები ჰქონდეს, როგორიც შიდაწვისძრავიან სუპერ ავტომობილებს აქვთ.

No comments:

Post a Comment