Sunday, November 8, 2009

რენო-ნისანის” ალიანსი საქართველოშიც ერთად იმუშავებს

8 ნოემბერი

”რენო/ნისანის” ახალი ცენტრის გახსნაზე, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი (მარცხნივ) და ტარიელ ხეჩიკაშვილი სიმბოლურ ტორტს ჭრიან (თაკო კვარაცხელიას ფოტო)

..............................................................

ფრანგული ”რენოსა” და იაპონური ”ნისანის” ალიანსი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო კონგლომერატია, რომელმაც შარშანდელი მონაცემებით, გაყიდვების მხრივ, მესამე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ბაზრის 9 პროცენტი მოიცვა. ალიანსს ერთი მთავარი აღმასრულებელი - კარლოს გონი მართავს, მაგრამ კარგა ხანს, საქართველოში ის ორი ცალკეული დილერით იყო წარმოდგენილი.

6 ნოემბრიდან კი, ჩვენშიც ეს ორი კომპანია ერთობლივად იმუშავებს. ისევე როგორც ”რენო”, ამიერიდან, ”ნისანიც” ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” ქოლგის ქვეშ გაერთიანდა. ამის შესახებ, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებას ჯგუფის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ”რენოს” იმპორტიორის, ”ავტო სტილის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბერიამ და საქართველოში ”ნისანის” წარმომადგენლობის დამფუძნებელმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა ამცნეს.

ნიშანდობლივია, რომ ”რენოსა” და ”ნისანის” ერთ შოურუმსა და სერვისცენტრში გაერთიანება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველოში საავტომობილო ბაზარი გამოცოცხლებას იწყებს. აქტიურდებიან ბანკები, რომლებთან მჭიდრო თანამშრომლობასაც ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” უახლოეს მომავალში უფრო ინტენსიურს გახდის. ეს კი გაყიდვების შემდგომი ზრდის საფუძველი იქნება. რაც მთავარია, ახალი ავტომობილების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

შეგახსენებთ, რომ ”იბერია ბიზნეს ჯგუფში” გაერთიანებულია ისეთი კომპანიების წარმომადგენლობები, როგორებიცაა: ”ფოლკსვაგენი”, ”აუდი”, ”შკოდა”, ”კია”, ”მიცუბიში”, ”რენო” და ახლა უკვე ”ნისანიც”. გარდა ამისა, ჯგუფი საავტომობილო მაკომპლექტებლებისა და აქსესუარების იმპორტსაც ეწევა.

იქიდან გამომდინარე, რომ ”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსი აქტიურად მონაწილეობს ეკოლოგიურ პროექტებში, რომელთა შორისაც ყველაზე ფართოდ რეკლამირებული ”ბეტერ პლეისია”, ”24 საათი” დაინტერესდა, აპირებს თუ არა ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” ამ პროექტთან თანამშრომლობას.

ბატონი ხეჩიკაშვილის განმარტებით, ”ბეტერ პლეისი” საქმიანობის გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე ავტომობილების რეალიზაცია და სერვისია. პროექტი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ელექტრომობილების მომსახურების უმძლავრესი ინფრასტრუქტურების შექმნას და ელექტრომობილებისთვის საჭირო ენერგიის გარემოსადმი მეგობრული საშუალებებით გამომუშავებას ითვალისწინებს, რისთვისაც უზარმაზარი კაპიტალდაბანდებებია საჭირო. ამიტომ, სახელმწიფოსგან შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე, ამ პროექტის საქართველოში განხორციელება წარმოუდგენლად ჩანს.

სამაგიეროდ, ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” ქართველ ავტომოყვარულებს პირდება, რომ ჩვენს ბაზარზე შემოიტანს ”რენოსა” და ”ნისანის” იმ ელექტრომობილებს, რომელთა გამოშვებასაც ეს ორი კომპანია უახლოეს მომავალში დაიწყებს. მთავარია, საქართველომ ამ კომპანიებისგან შესაბამისი კვოტები მიიღოს - ელექტრომობილებზე მთელს მსოფლიოში მზარდი მოთხოვნილების გამო, შედარებით მცირე ბაზრებზე მათი მიწოდება თავიდან კვოტირებული იქნება.

ისე, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა, თბილისში რომ ტაქსებად ელექტრომობილებს ემუშავათ. მაშინ სულ ცოტა, საწვავის გაძვირებაზე არავინ იწუწუნებდა...

No comments:

Post a Comment