Friday, November 6, 2009

”პორშე” ”ბოქსტერ სპაიდერს” ამზადებს
Porsche Boxster Spyder
6 ნოემბერი”პორშემ” გამოაცხადა, რომ ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე, რომელიც სტარტს 2 დეკემბერს აიღებს, საზოგადოებას თავის ახალ ავტომობილს, სამოდელო გამაში ყველაზე მსუბუქ ”ბოქსტერ სპაიდერს” წარუდგენს.
ავტომობილი აღჭურვილია 3.4-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავით, რომელსაც საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. აგრეგატი 320 ცხენის ძალას ავითარებს, 10-ით მეტს, ვიდრე ”ბოქსტერ S-ი”. ამასთან, მასზევე დაახლოებით 85 კილოგრამით მსუბუქიცაა.
ამ მონაცემებით, ავტომობილს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 265 კმ/სთ-ს აღწევს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ავტომობილი ღიაა და აქედან გამომდინარე, მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობაც იზრდება, შეიძლება ითქვას, რომ მას შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლები აქვს.
”ბოქსტერ სპაიდერს” ორივე სავარძლის საკისრეებს უკან საყრდენი აქვს, რომლებიც აეროდინამიკური მოყვანილობით გამოირჩევა. გარდა ამისა, შედარებით დადაბლებულია საქარე მინის პროფილი. ეს ორი ფაქტორი, აეროდინამიკის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებიც ნაწილობრივ ამის შედეგია.
ავტომობილი სულ რაღაც 1 275 კილოგრამს იწონის და ამგვარად, ის ”პორშეს” სამოდელო გამაში ყველაზე მსუბუქი მოდელია.
”პორშეს” განმარტებით, ”ბოქსტერების” ოჯახი 50-იან და 60-იან წლებში პოპულარული ”550 სპაიდერისა” და RS 60-ს სულისკვეთებით შეიქმნა. მათსავით, ძრავი ბაზაში აქვს, სიმძიმის ცენტრი კი მაქსიმალურადაა დაწეული, რითაც კომპანიის ინჟინრებმა ავტომობილის უზადო მართვადობასა და მანევრულობას მიაღწიეს.
”პორშემ” გამოაცხადა, რომ ”ბოქსტერ სპაიდერს” მერმის, თებერვალში გამოუშვებს. ავტომობილის საბაზო ღირებულება კი 61 200 დოლარი იქნება.

No comments:

Post a Comment