Sunday, November 29, 2009

ხვალ ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი გამოცხადდება
European Car of the Year
29 ნოემბერიტრადიციული კონკურსი ”ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი” ფინალურ სტადიაზეა. ევროპის ქვეყნების საავტომობილო გამოცემების რედაქტორებს მათტვის გადაცემული 25-25 ქულა უკვე განაწილებული აქვთ. ჟიურის შედეგები უკვე შეჯამებულიც ექნება, ხვალ კი 2010 წლის საუკეთესო ავტომობილს დაასახელებს.
კონკურსის ფინალში 7 ავტომობილია გასული. ესენია: ”სიტროენ C3 პიკასო”, ”მერსედეს-ბენც E-კლასი”, ”ოპელ/ვოქსჰოლ ასტრა”, ”პეჟო 3008”, ”შკოდა იეტი”, ”ტოიოტა iQ” და ”ფოლკსვაგენ პოლო”.
კონკურსის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ის თვისებები, რომელთა გამოც ეს შვიდეული ფინალში მოხვდა.
”სიტროენ C3 პიკასოში” ჟიურიმ ხალასი სტილისთვის და იმ თვისებებისთვის დაფასდა, რომლებიც მას ნამდვილ საოჯახო ავტომობილად წარმოგვიდგენს. ”გზაზე ამ მაღალ ავტომობილს თავი კარგად უჭირავს, თუმცა საკმაოდ ჩლუნგი საჭის მექანიზმი კი აქვს. ძრავებს კი, მცირე მუშა მოცულობის მიუხედავად, საკმარისი სიმძლავრე აქვთ და რაც მთავარია, საწვავს ეკონომიურად მოიხმარენ”.
E-კლასის მერსედესი ”ელეგანტური სალონით, კუპეს სტილითა და თავის კლასში ყველაზე დიდი საბარგულით მოგხიბლავთ. ეს ავტომობილი კვლავ სამოდელო გამის ძირითადი ღერძია”.
”ოპელ/ვოქსჰოლ ასტრა”, რომლის უახლოესი ნათესავი ”ინსინია” შარშან გახდა წლის საუკეთესო ავტომობილი და ამ ერთ წელიწადში, ევროპაში თავისი კლასის ბესტსეკერად იქცა, ფინალში თავისი ძრავების წყალობით მოხვდა. ”ის კარგი შესრულებით და მისაღები ფასებით გამოირჩევა. მეორე მხრივ, სალონის მოცულობა თითქმის არ გაზრდილა, თუმცა მისი შესრულების დონე, წინამორბედისაზე გაცილებით მაღალია”.
”მოდელი 3008 ბოლო წლებში ყველაზე ორიგინალური ”პეჟოა”. მასში ორიგინალურადაა შერწყმული ჰეჩბეკისა და უგზოობის ავტომობილის თვისებები. მისი საბაზრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც მასზე ჰიბრიდულ აგრეგატებს გამოიყენებენ”.
ჟიურიმ ”შკოდა იეტის” ”შიგადაშიგ ოფ-როუდერი” უწოდა. საინტერესო შეფასებაა, თუმცა შემდეგი ფრაზა ყველა კითხვას საკადრის პასუხს აძლევს: ”ავტომობილი ”ფოლკსვაგენ გოლფის” პლატფორმაზე დგას, რაც მის შესანიშნავ მართვადობას უზრუნველყოფს. ავტომობილი საკმაოდ მაღალია, თუმცა საოცარი მდგრადობით გამოირჩევა, რაც საკმაოდ ძნელად წარმოსადგენი უნდა ყოფილიყო”.
ყველაზე პატარა ფინალისტებს შორის არის iQ, რომელიც ფინალში მოხვედრილი ერთადერთი არაევროპული კომპანიის ქმნილებაა. ”მასში წარმოუდგენლადაა შერწყმული პატარა ზომა, ამის ფონზე საკმაოდ მოცულობითი ინტერიერი, ფუნქციურობა და უსაფრთხოება. iQ შესანიშნავი მანევრულობით გამოირჩევა, მაგრამ გზაზე მძღოლისადმი დამჯერობით მაინც არ გამოირჩევა”. ჟიურის აზრით, ძრავების შესაძლებლობები ავტომობილის საჭიროებას მნიშვნელოვნად აღემატება.
დაბოლოს, ”პოლო”. ”ეს არის დაპატარავებული ”გოლფი”. ამ ავტომობილში, დახვეწილობის სულისკვეთება სტრუქტურასთანაა შერწყმული, მისი გარეგნობა კი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ის ისეთივე მოზრდილი ზომისაა, როგორც მისი კლასის კონკურენტები. ”გოლფთან” მსგავსებას კი ამ კლასში უპრეცენდენტო ხარისხიანობა შემოაქვს”.
მაშ ასე, ფინალისტები დახასიათებულია. ხვალ კი მათ შორის საუკეთესოს სახელს გავიგებთ.

No comments:

Post a Comment