Monday, November 30, 2009

”ტატა” ჰიბრიდულ ”ნანოსაც” გამოუშვებს
Tata Plans Hybrid Nano
30 ნოემბერისაქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ინდურ ავტომწარმოებელ ”ტატას” არამხოლოდ მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის წარმოების სახელის დამკვიდრება სურს, არამედ მსოფლიოს ყველაზე იაფი ჰიბრიდული ავტომობილისაც. ამაზე მიგვითითებს კომპანიის მფლობელ რატან ტატას ინტერვიუ, რომელიც მან კორეულ ”მაეილ ბიზნეს ნიუსპეიპას” მისცა.
რატან ტატა ამბობს, რომ ინდოეთში იაფფასიან ავტომობილებზე გაცილებით დიდი მოთხოვნაა, ვიდრე დიდსა და ძვირ ავტომობილებზე. თუმცა მას მიაჩნია, რომ მალე იაფფასიანი ავტომობილების ”რევოლუცია” მთელ მსოფლიოს მოედება. ის დარწმუნებულია, რომ საავტომობილო მრეწველობის მომავალი ეკონომიურსა და გარემოსადმი მეგობრულ ავტომობილებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის არ გამორიცხავს ”ნანოს” ბაზაზე ჰიბრიდული მოდელის წარმოებას.
”ნანო” სულ რაღაც 2 700 დოლარამდე ღირს. ”ტატამ” მისი მყიდველისთვის მიწოდება ივლისში დაიწყო. გარდა ამისა, რატან ტატა არ მალავს, რომ მისი კომპანია მსუბუქ პიკაპ ”ეისის” ექსპორტზე გატანას აპირებს. ამ ავტომობილისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი სამხრეთ კორეა გახდება, სადაც ”ტატას” უკვე გააჩნია საწარმო.
ისევე როგორც სხვა წარმატებული ბიზნესმენები, რატან ტატაც თავისი ბიზნესის გაფართოებასა და დივერსიფიკაციაზე ზრუნავს. კერძოდ, მისმა კომპანიამ მოღვაწეობა ბიოტექნოლოგიისა და ბიოინჟინერიის დარგშიც დაიწყო. გარდა ამისა, ”ტატა” ახლო მომავალში, აშშ-სა და ვიეტნამში აპირებს ინვესტირებას. რა თქმა უნდა, კომპანია საავტომობილო ბიზნესში ინვესტირებასაც გააგრძელებს. ასევე სასტუმროების, ელექტრონიკის და ბიოსაწვავის წარმოების საქმეშიც ჩაერთვება.

No comments:

Post a Comment