Saturday, November 14, 2009

”ფოლკსვაგენი” ახალ უნივერსალურ პლატფორმას ამზადებს
VW's new platform for 60 models
14 ნოემბერი”ფოლკსვაგენი” ამთავრებს მუშაობას თავის სრულიად ახალ, უნივერსალურ პლატფორმაზე, რომელიც ამ ეტაპზე, MQB-ს (მოდულარენ ქვერ ბაუკასტენ, ანუ მოდულური პლატფორმა ძრავის განივი განლაგებით) სახელითაა ცნობილი და რომელზეც, ბრიტანულ გამოცემა ”ავტოქარის” ინფორმაციით, გერმანული საავტომობილო ჯგუფი 60-მდე ავტომობილის (ფოლკსვაგენის, აუდის, შკოდასა და სეატის) დამყნობას აპირებს.
ახალი სტრუქტურა ერთდროულად სამ პლატფორმას (PQ2, PQ3 და PQ4) შეცვლის და ის ექსპლუატაციაში სრულად 2015 წლამდე შევა. ”ფოლკსვაგენის” კვლევისა და განვითარების განყოფილების შეფი ულრიხ ჰაკენბერგი ამბობს, რომ ახალ პლატფორმაზე, სხვადასხვა კლასისა (სედანები, ჰეჩბეკები, ქროსოვერები და მინივენები) და ზომის ავტომობილების აგება იქნება შესაძლებელი.
”ავტოქარის” ინფორმაციით, ახალ პლატფორმას პირველად ”აუდი A3-ზე” გამოიყენებენ, რომლის დებიუტი 2011 წელსაა მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, რომ ახალ პლატფორმაზე ის ახალი ავტომობილი აიგოს, რომლითაც ვოლფსბურგელები ამერიკაში ”პასატის” ჩანაცვლებას აპირებენ. ისე კი, MQB-ს დანერგვის შემდეგ, ”ფოლკსვაგენის” მიერ გამოყენებული პლატფორმების რაოდენობა, ახლანდელი 18-დან 2-მდე შემცირდება.
”ეს ახალი პლატფორმა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მასზე სხვადასხვა კლასის და ზომის მანქანები ავაგოთ ისე, რომ პლატფორმის საბაზო კონსტრუქცია და არქიტექტურა უცვლელი დავტოვოთ და მასში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილება შევიტანოთ”, - ამბობს ჰაკენბერგი. მისი თქმით, შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასე იქნება - მინიატურული ”ლუპოც” და მინივენი ”შარანიც”, ერთსადაიმავე პლატფორმაზე დამზადფება.
ახალი პლატფორმის დანერგვის შემდეგ, ”ფოლკსვაგენის” და მის ჯგუფში შემავალი მარკების მოდელებს ნაწილების და მაკომპლექტებლების (მათ შორის, ძრავების და ტრანსმისიების) 60-70 პროცენტი საზიარო ექნება.

No comments:

Post a Comment