Thursday, November 12, 2009

”არაშის” ამბიციური გეგმები
Arash
12 ნოემბერიპატარა ბრიტანულმა ფირმა ”არაშმა” თავის პირველ სუპერ ავტომობილ AF-10-ის (AF არაშ ფარბუდს - დამაარსებლის სახელს და გვარს აღნიშნავს) ტექნიკური მონაცემები გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ავტომობილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 352 კმ/სთ, ფასი კი 320 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, მალე მყიდველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ავტომობილის მზიდ სტრუქტურას კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული შასი წარმოადგენს, რომელიც კომპანია ”EPM ტექნოლოჯიმ”, სპეციალურად, ”არაშის” შეკვეთით დაამზადა. ცნობისათვის, ეს ის კომპანიაა, რომელმაც ფორმულა 1-ის გუნდ ”ფორს ინდიას” წლევანდელი ბოლიდის შასი დააპროექტა და დაამზადა.
შასიზე დამაგრებულია ”შევროლე კორვეტ Z06-ის” 7.0-ლიტრიანი V8 აგრეგატი, რომელიც 550 ცხენის ძალამდეა გაძლიერებული. სხვათა შორის, არაშ ფარბუდი ”იმუქრება”, რომ მალე მისი კომპანიის ინჟინრები, ამავე აგრეგატის ბაზაზე, 7.2-ლიტრიან V8 მონსტრს შექმნიან, რომლის ”რემაშიც” 1 200 ცხენი მოიყრის თავს.
ძრავთან შეწყვილებულია ინგლისურ ფირმა ”გრაცანოს” 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, თუმცა მალე შესაძლებელი იქნება 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფის დაყენებაც, რომელიც ”პაგანი ძონდა F-ზე” გამოიყენება.
AF-10-ის აეროდინამიკურ ეფექტურობას ემსახურება უკანა სამმაგი დიფუზორი და წინა ანტიფრთა, რომელიც ფარებს შორის, ხიდადაა გადებული. ავტომობილის წონა 1260 კილოგრამია, რაც მას 0-100 კმ/სთ-მდე ოთხ წამზე ნაკლებში აჩქარების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ AF-10-ს ნაწილების და მაკომპლექტებლების მინიმალური რაოდენობა აქვს აღებული სხვა კომპანიების ავტომობილებისგან, რაც მის სიძვირეს განაპირობებს.
სხვათა შორის, არაშ ფარბუდისთვის ეს მეორე კომპანიაა. პირველს ”ფარბუდ GTS” ერქვა, მაგრამ დღეისათვის ის ”ფარბიოს” სახელითაა ცნობილი. სამაგიეროდ, ფარბუდმა ”არაშში” მოიწვია ისეთი ცნობილი ინჟინერი, როგორიც ლორის ბიკოშია. ცნობისათვის, ეს ის კაცია, ვინც ”ბუგატი ვეირონის” შასის შემუშავებასა და სრულყოფას ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება ავტომობილს, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, მაგრამ ახლავე ცნობილია, რომ მისი ძრავის სიმძლავრე 1 200 ცხენის ძალას მიაღწევს, მისი სავარაუდო სიჩქარე 400 კმ/სთ-ს ფარგლებში იქნება. არაშ ფარბუდი იმედოვნებს, რომ სრულყოფის შემდეგ, ეს ავტომობილი სიჩქარეში ”ბუგატი ვეირონს” გაეჯიბრება.

No comments:

Post a Comment