Saturday, September 12, 2009

”ტოიოტას” პლაგ-ინ ჰიბრიდული პრიუსი ფრანკფურტამდე

Toyota Prius Plug-In Hybrid Concept

12 სექტემბერი

სამი დღეც და ფრანკფურტის საავტომობილო შოუ დამთვალიერებლების მასპინძლობას შეუდგება. მისი მონაწილენი კი აგრძელებენ თავიანთი სიახლეების შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის გავრცელებას. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს უდიდესი ავომწარმოებელი ”ტოიოტაა”, რომელმაც გამოფენისთვის თავისი პოპულარული ჰიბრიდის, ”პრიუსის” პლაგ-ინ ვერსია მოამზადა.

ამ ავტომობილით, რომელიც მესამე თაობის ”პრიუსის” ბაზაზეა დამზადებული, იაპონური კომპანია ”შევროლე ვოლტთან” და ამის გერმანულ ანალოგ ”ოპელ ამპერასთან” კონკურენციას გეგმავს. სწორედ ამიტომ აღჭურვა ის ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ სისტემით, რომელიც აკუმულატორების საყოფაცხოვრებო ქსელიდან დამუხტვის საშუალებას იძლევა.

გარეგნულად კონცეპტუალურ ავტომობილს სერიული ”პრიუსისგან” მხოლოდ გაფორმება განასხვავებს. სამაგიეროდ, შიგნიდან ის სულ სხვა ავტომობილია. ანუ, მას განსხვავებული აღჭურვილობა აქვს და ”ტოიოტა” იმედოვნებს, რომ ამ აღჭურვილობას მეოთხე თაობის ”პრიუსზე” გამოიყენებს.

კონცეპტუალური ავტომობილის ძირითადი აგრეგატი 1.8-ლიტრიანი შიდაწვის ძრავია, რომელიც 97 ცხენის ძალას იძლევა. მასთან წყვილში მუშაობს მუდმივმაგნიტებიანი სინქრონული ელექტროძრავი, რომლის სიმძლავრეც 79 ცხენის ძალას აღწევს. ეს უკანასკნელი ელექტროენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორისგან ღებულობს.

როცა მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით გადაადგილდება, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 100 კმ/სთ-ია, აკუმულატორის ენერგია კი მას მხოლოდ 20 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის. აშკარად ცოტაა. თუმცა შედარებისთვის, ახლანდელ ”პრიუსს” მხოლოდ ელექტროძრავით 16 კილომეტრის გავლა შეუძლია. და მაინც, ეს მას პოპულარობაში ხელს არ უშლის.

როდესაც კომბინირებული ციკლით მოძრაობს, ავტომობილი ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 60 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. სხვათა შორის, მონიტორზე მუდმივად იწერება, თუ რა შემცველობის გამონაბოლქვი აქვს ჰიბრიდულ აგრეგატს. ეს კი იმის ნიშანია, რომ ”პრიუსი” გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებაზე ”ზრუნავს”.

იაპონური კომპანია მერმის პირველ 500 ცალ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ”პრიუსს” დაამზადებს, რომელთაგან მესამედი იაპონიაში, ამდენივე აშშ-სა და ევროპაში გაიყიდება. პირველი პარტიის დანიშნულება ისაა, რომ ”ტოიოტამ” მათი მეშვეობით, მომხმარებლის აზრი შეისწავლოს და ამის მიხედვით, ამ ავტომობილის წარმოება დაგეგმოს.

No comments:

Post a Comment