Monday, August 16, 2010

ახალი ”ლანჩა სტრატოსი” პარიზული დებიუტისთვის ემზადება

New Stratos Official Details Released

16 აგვისტო

ავტომობილის წარმატებულობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს მის გარეგნობას. უფრო სწორედ კი მის დახვეწილ დიზაინს. მაგრამ ხშირად, ავტომობილის სიმახინჯე მისი პოპულარობისთვის ხელის შემშლელი სულაც არაა. ამის ნათელი მაგალითი კი 70-იანი წლების რალის მსოფლიო ჩემპიონატების სამი ტიტულის მომგები - ”ლანჩა სტრატოსია”, რომელსაც სამუდამოდ აქვს დაკავებული ადგილი ავტოინდუსტრიის დიდების დარბაზში.
იმ დროისთვის, ეს ავტომობილი შეიძლება არც ისე მახინჯად მოგჩვენებოდათ, მაგრამ როდესაც დღეს მის გაცოცხლებას ცდილობ და დიზაინს თითქმის არ ცვლი, ეს შეიძლება სარისკო ნაბიჯიც იყოს. თუმცა, ასე არ უფიქრიათ სახელოვან ატელიე ”პინინფარინას” და მის ახალგაზრდა დიზაინერ (იტალიური წარმოშობის ამერიკელ) ჯეისონ კასტრიოტას, რომელიც ახლა უკვე შვედური ”სააბის” დიზაინის განყოფილების შეფია.
პრინციპში, საფიქრალი არც არაფერი ჰქონდათ, რადგან გერმანელმა ბიზნესმენმა, საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელ კომპანია ”ბროზეს” მფლობელმა მიხაელ სტოშეკმა, კრიზისში მყოფ იტალიურ ატელიეს სწორედ ”სტრატოსის” გაცოცხლება შეუკვეთა. გაცოცხლებაში ის იგულისხმება, რომ ახალი ავტომობილი გარეგნობით სახელოვან წინაპარს უნდა დამსგავსებოდა, ოღონდ მას თანამედროვე დიზაინის ელემენტებიც უნდა ჰქონოდა და რა თქმა უნდა, მისი კონსტრუქციაც თანამედროვე უნდა ყოფილიყო.

კასტრიოტასეული ”სტრატოსი” პირველად ორი წლის წინ, საავტომობილო გამოფენებზე გამოჩნდა და მაშინ ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ ეს ავტომობილი ”პინინფარინას” იტალიურმა კომპანია ”ლანჩამ” შეუკვეთა. მაგრამ გავიდა ორი წელი და ახლაღა გაირკვა, რომ ”პინინფარინამ” ამ ავტომობილზე შეკვეთა გერმანიიდან მიიღო.

მოკლედ, ახალი ”სტრატოსი” თანამედროვე ავტოინდუსტრიის ნამდვილი შედევრია. ამის თქმის საფუძველს კი მარტო ის ფაქტებიც იძლევა, რომ მისი შასის ძირითადი, მზიდი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული და მის ბაზაში კი ”ფერარი F430 სკუდერიას” ძრავი აქვს მოთავსებული.

V8 ძრავის მუშა მოცულობა 4.3 ლიტრია, მისი მაქსიმალური სიმძლავრე კი 503 ცხენის ძალას აღწევს. მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, ახალი ”სტრატოსი” მხოლოდ 1 240 კილოგრამს იწონის, ესე იგი, ”სკუდერიაზე” 108 კილოგრამით მსუბუქია. ძრავის სიმძლავრის წონის ფარდობა საკმაოდ შთამბეჭდავია - 413 ცხ.ძ/ტონაზე.

”პინინფარინას” ამ ავტომობილის ტესტირება ჯერაც არ დაუსრულებია. სხვათა შორის, გამოცდებისთვის ატელიემ ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს, პორტუგალიელ ტიაგუ მონტეირუს უხმო. ჯერჯერობით, ახალი ”სტრატოსის” დინამიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა - მათ ”პინინფარინა” პარიზის საავტომობილო შოუსთვის ინახავს, სადაც ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა იგეგმება. თუმცა, ავტომობილის ინტერიერის პაპარაცულ ფოტოებზე ჩანს, რომ სპიდომეტრის დანაყოფის მაქსიმალური მაჩვენებელი 360 კმ/სთ-ია.

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როგორც ექსკლუზიურმა შემკვეთმა, სტოშეკმა ”პინინფარინას” მხოლოდ 20 ცალი ახალი ”ლანჩა სტრატოსის” დამზადების ნებართვა მისცა. ფოტოებზე ისიც ჩანს, რომ ავტომობილს ”ლანჩას” ლოგო ამშვენებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდაც ასე დარჩება, თუ არა. რამდენადაც ავტომობილს ”ფერარის” ძრავი აქვს, ეს უკანასკნელი კი, ისევე როგორც ”ლანჩა”, ”ფიატის” ჯგუფში შედის, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პარიზში ამ ავტომობილს ”ლანჩა სტრატოსის” სახელით ვიხილავთ.

No comments:

Post a Comment