Thursday, September 2, 2010

”მინი” პროდუქციას გაამრავალფეროვნებს

Mini aims to extend product range

2 სექტემბერი

”ბეემვეს” ხელში გადასვლის შემდეგ, ინგლისური ”მინი” წლიდან წლამდე ზრდიდა გაყიდვებს და შესაბამისად, წარმოების მოცულობასაც. მაგრამ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მისი საქმეც შეაფერხა. მაგრამ ”ბეემვეს” ეს არ აშინებს და გაყიდვების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს, რაშიც მას პირველ რიგში, ამერიკულ ბაზარზე გააქტიურება დაეხმარება.

ამისათვის, ბავარიელებმა აშშ-ში ”მინის” სადილერო ქსელი 120-მდე (86-დან) გაზარდეს. პარალელურად, ”მინი” საკუთარ სამოდელო გამასაც აფართოებს. ბოლო ახალი მოდელი ქროსოვერი ”ქანთრიმენი” გახდა, რომელმაც ”მინის” გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.

”ქანთრიმენის” შემდეგ, ”მინის” პირველი ახალი ავტომობილი, რომელიც ბაზარზე გამოვა, ელექტრომობილია. ინგლისური კომპანიის 450 ელექტრომობილი ამჟამად ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და კალიფორნიაში გადის საგზაო ტესტებს. თანაც, ისინი ლიზინგითაა გაყიდული. ანუ, ტესტებს უკვე რეალური მყიდველი ატარებს. ეს პროცესი კიდევ ერთ წელს გასტანს, რის შემდეგაც, ამ ელექტრომობილების გაყიდვა დაიწყება. მაგრამ, ჯერჯერობით უცნობია წარმოების მოცულობაც და მანქანის ფასიც.

მალე განახლდება ”მინი კუპერი”, ამ ავტომობილის მესამე თაობის ვერსია კი ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდება. ამ ავტომობილს ახალი წინა და სრულამძრავიანი ტრანსმისია ექნება, რომელსაც ”მინის” ”ბეემვე” გაუზიარებს.

2012 წელს კი სამკარიან კომპაქტურ უნივერსალ ”კლუბმენის” რესტაილინგის ჯერი დადგება. იმავე წელს, ”მინი” დაიწყებს რბილსახურავიანი კუპეს წარმოებას, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც პირველად კომპანიამ შარშან, ფრანკფურტის გამოფენაზე გვიჩვენა. უფრო ადრეა მოსალოდნელი ამავე კონცეპტქარის ბაზაზე ორადგილიანი, მოკლებაზიანი კუპეს წარმოების დაწყება.

დაბოლოს, ”მინი” ახლანდელ ”კუპერზე” უფრო პატარა ავტომობილის გამოშვებას აპირებს. ჯერ ამ პატარას სახელი მოფიქრებული არაა. ინტერნეტით ვრცელდება ვარაუდი, რომ მას ”მინი მინორს” დაარქმევენ. ამ ავტომობილს ”ბეემვეს” ინჟინერთა ის ჯგუფი შეიმუშავებს, რომელიც ”პროჯექტ i-ზე” მუშაობს. ამ პროექტით, ბავარიელები ეკონომიური, საქალაქო ავტომობილების წარმოებას გეგმავენ. მოკლედ, თუ ”მინი მინორის” წარმოება გადაწყდა, მან კონკურენცია ”დაიმლერის” ”სმარტ ფორთუს” უნდა გაუწიოს.

No comments:

Post a Comment