Thursday, February 18, 2010

”ბენტლიმ” მსოფლიოში უსწრაფესი კაბრიოლეტი შექმნა

Bentley Continental Supersports Convertible Previewed

18 თებერვალი

ინგლისურმა კომპანია ”ბენტლიმ”, რომელიც გერმანული ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შედის, წარმოებისთვის თავისი კუპეს, ”კონტინენტალ სუპერსპორტის” ღია ვარიანტი - ”კონტინენტალ სუპერსპორტს კონვერტაილი” მოამზადა, რომელიც, ”ბენტლის” ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიოს უსწრაფესი კაბრიოლეტია.

ახალი ავტომობილი აღჭურვილია წყილტურბოკომპრესორიანი W12 ძრავით, რომელიც 6000 ბრ/წთ-ზე 630 ცხენის ძალას, 2000-4500 ბრ/წთ-ს დიაპაზონში კი 800 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს ავითარებს. საინტერესოა, რომ ეს ძრავი მუშაობს როგორც სუფთა ბენზინზე, ასევე ბიოსაწვავ E85-ზეც, რომელშიც 85 პროცენტი ეთანოლია.

ძრავთან შეწყვილებულია რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი ZF 6HP26, რომელიც გადაცემის საფეხურებს, ჩვეულებრივ კოლოფებზე ორჯერ სწრაფად ცვლის. ავტომობილი სრულამძრავიანია.

მწარმოებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”კონტინენტალ სუპერსპორტს კონვერტაილს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია, 160 კმ/სთ სიჩქარეს 9.5 წამში კრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს აღწევს.

ახალი ავტომობილის ოფიციალური პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოეზე გაიმართება, მის გაყიდვას კი ”ბენტლი” შემოდგომიდან დაიწყებს.

No comments:

Post a Comment