Saturday, February 20, 2010

”შკოდა” ”რენო ლოგანის” კონკურენტს ამზადებს

More details emerge about Skoda's Logan fighter

20 თებერვალი

ჩეხური კომპანია ”შკოდა”, რომელიც ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შედის, წარმოებისთვის დაბალფასიან საოჯახო სედანს ამზადებს, რომლითაც ”რენოს” პოპულარული ”ლოგანისთვის” (სურათზე) კონკურენციის გაწევას იმედოვნებს. ”შკოდას” პროფკავშირის შეფმა იაროსლავ პოვსიკმა განაცხადა, რომ ახალი ავტომობილის სახელად ჯერჯერობით ”ენტრია” შერჩეული, თუმცა არ დაუზუსტებია, ეს სახელი დარჩება, თუ შეიცვლება.

ჩეხური გაზეთი ”მლადა ფრონტა დნეშ ჩეხ” იუწყება, რომ ახალი ავტომობილის ფასი შესაძლოა, 260 000 კრონი (დაახლოებით $13 650) იყოს, რაც სუბკომპაქტური ”ფაბიას” ფასზე მეტი და კომპაქტურ სედან ”ოქტავიას” ფასზე ნაკლებია. იმავე გაზეთის ცნობით, ეს ავტომობილი დაბალი შემოსავლების მქონე მყიდველზე იქნება გათვლილი, რომლებსაც სუბკომპაქტურზე დიდი ზომის ავტომობილის შეძენა სურთ.

თავად ”შკოდას” ხელმძღვანელობა ამ თემაზე კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. თუმცა, სამი თვის წინ, ”შკოდას” მთავარმა აღმასრულებელმა რაინჰარდ იუნგმა გერმანულ გამოცემა ”აუტომობილვოხესთან” საუბრისას განაცხადა, რომ ამ ავტომობილის წარმოება 2-3 წელიწადში დაიწყება.

მას შემდეგ, რაც ვოლფსბურგული გიგანტის ქოლგას შეეფარა, ”შკოდამ” ევროპული დონის ავტომობილების წარმოება დაიწყო და შესაბამისად, მისი პროდუქციაც გაძვირდა, მაგრამ დღეს კომპანია წარმოების გაზრდას მაინც დაბალფასიანი ავტომობილების ხარჯზე ცდილობს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სწორედ ახალი სედანი გახდება.

ეს ავტომობილი ბევრ კომპონენტს ”ფაბიასა” და ”ოქტავიასგან” მიიღებს, რაც მისი ფასის შემცირებას განაპირობებს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, მაინც ”ლოგანზე” ძვირი ეღირება. ფრანგული კომპანიის ავტომობილის საბაზო ღირებულება 7 300 ევროა.

”შკოდამ” შარშან მთელს მსოფლიოში 684 226 ავტომობილი გაჰყიდა, რაშიც მას დასავლური ქვეყნების ბაზრებზე მოქმედი შეღავათები და ჩინეთში ექსპანსია დაეხმარა. წელს კი, იმის გამო, რომ შეღავათების სისტემა გაუქმდა, ჩეხურმა კომპანიამ ”ფაბიას” წარმოების მოცულობა შეამცირა.

No comments:

Post a Comment