Saturday, February 20, 2010

”სიტროენმა” DS3-ის სპორტული ვარიანტი შექმნა

Citroen DS3 Racing Official Info and Pictures

20 თებერვალი

ისევე როგორც სხვა კომპანიებმა, ”სიტროენმაც” თავისი ახალი ავტომობილის შესახებ, პირველი ინფორმაცია და ფოტოები ჟენევური გამოფენის დაწყებამდე გამოაქვეყნა. ეს არის ჰეჩბეკ DS3-ის ბაზაზე შექმნილი სპორტული მოდელი, რომელსაც სახელში ”რეისინგი” დაემატა. როგორც ფრანგული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზშია მითითებული, ”DS3 რეისინგი” მხოლოდ 1 000 ცალი დამზადდება.

სტანდარტული ჰეჩბეკისგან ”DS3 რეისინგი” უფრო აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა, რასაც მას კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული აეროდინამიკური ელემენტები ანიჭებს. ამასთან, ავტომობილის სახურავი, სარკეები, 18-დუიმიანი ბორბლები და რადიატორის არშიები ფორთოხლისფრად არის შეღებილი.

ავტომობილის კაპოტის ქვეშ მოთავსებულია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც, 150-დან 200 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. სიმძლავრის ზრდა, პირველ რიგში, ძრავის ელექტრონული ბლოკის პროგრამის შეცვლამ გამოიწვია. მოდერნიზაცია ჩაუტარდა ტურბოკომპრესორს, შეიცვალა შემშვები კოლექტორი. შედეგად, სიმძლავრის გარდა, მაბრუნი მომენტი 240-დან 275 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა და მისი მაქსიმუმი, მუხლა ლილვის 2 500-4 000 ბრ/წთ-ზე მიიღწევა.

სტანდარტულ ჰეჩბეკთან შედარებით, ”DS3 რეისინგი” 15 მილიმეტრით დადაბლდა, მისი ბორბლების კვალი კი 30 მილიმეტრით გაგანიერდა. შეიცვალა წინა და უკანა ამორტიზატორები, რომლებიც სტანდარტულზე ხისტია. წინა ბორბლების დამუხრუჭებას 4-ცილინდრიანი სისტემა ემსახურება, სტაბილიზაციის სისტემა კი საჭიროების შემთხვევაში, სრულად ითიშება.

სალონში ახალ, სპორტულ სავარძლებს ნახავთ, რომლებსაც მძლავრი გვერდითა მისაყრდნობები აქვს, სავარძლების ცენტრში კი, საკისრეების ქვევით, ”სიტროენ რეისინგია” ამოქარგული. სალონში მრავლად ნახავთ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ დეტალებს, რაც ასევე ავტომობილის სპორტულობას უსვამს ხაზს.

”სიტროენი” ”DS3 რეისინგის” გაყიდვას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

No comments:

Post a Comment