Saturday, February 13, 2010

ფრენკ უილიამსი ახალ ბიზნესს იწყებს

Williams to Become Majority Stake Owner of Williams Hybrid Power

13 თებერვალი

ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, ”უილიამსის” დამაარსებელი და თანამფლობელი ფრენკ უილიამსი (სურათზე) ახალ ბიზნესს იწყებს. ახლახანს მან თავისი გუნდის აქციების მცირე ნაწილი გაყიდა და მიღებული თანხით ბრიტანული კომპანიის, ”აუტომოტივ ჰაიბრიდ პაუას” აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა, რის შემდეგაც ამ კომპანიას ”უილიამს ჰაიბრიდ პაუა” ეწოდა.

ფრენკ უილიამსმა ამ კომპანიის აქციების 40 პროცენტი ორი წლის წინ შეიძინა და ის გროვში, თავისი გუნდის შტაბ ბინის სიახლოვეს გადაიტანა. მაშინ ამ კომპანიას კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემის) შემუშავება დაევალა, რომელსაც სხვა გუნდებისგან განსხვავებით, ენერგია მქნევარას მეშვეობით უნდა დაეგროვებინა.

მართალია, შარშან ”უილიამსს” ფორმულა 1-ში კერს-ი არ გამოუყენებია და გუნდებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, არც ახალ სეზონში გამოიყენებს, მაგრამ ”უილიამს ჰაიბრიდ პაუა” თავისი სისტემის გამოყენებას საგზაო ავტომობილებისათვის აპირებს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სისტემითაა აღჭურვილი ”პორშეს” ჰიბრიდული ავტომობილი 911 GT3 R, რომლის მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება. გარდა ამისა, ამავე სისტემას, გერმანული კომპანია ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში, მოდელ 911-ზე გამოიყენებს.

ამასთან, ”უილიამს ჰაიბრიდ პაუა” მარტო ”პორშესთან” თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. მსგავს სისტემას ის ”იაგუარ ლენდ როვერისთვისაც” ამუშავებს, რომელიც ინდური ”ტატა მოტორსის” მფლობლობაში შედის. ავტომობილების გარდა, მქნევარიან კერს-ს ”უილიამს ჰაიბრიდ პაუა” ასევე მატარებლების, ავტობუსებისათვის, გემებისა და ქარის ელექტროგენერატორებისთვისაც კი შეიმუშავებს.

ბიზნესის განვითარების კვალობაზე, ფრენკ უილიამსი ”უილიამს ჰაიბრიდ პაუას” აქციების საკონტროლო პაკეტის დაუფლებას გეგმავს. ”უილიამსის” ფ1-ის გუნდის მთავარი აღმასრულებელი ედამ პერი იმედოვნებს, რომ ახალი ბიზნესი მისი გუნდისთვის დიდი მოგების მომტანი გახდება.

No comments:

Post a Comment