Saturday, February 13, 2010

”პორშემ” რბოლებისთვის ჰიბრიდული ავტომობილი მოამზადა

Porsche 911 GT3 R Hybrid

13 თებერვალი

”პორშემ” თავისი სარბოლი ავტომიბილის, 911 GT3 R-ის ჰიბრიდული ვერსიის ფოტოები გაავრცელა, რომლის პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოუზე გაიმართება, მაისში კი ის მონაწილეობას ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მიიღებს.

ჰიბრიდული 911 GT3 R აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც შიდაწვის ძრავთან, ორი ელექტროძრავია შეწყვილებული. ბენზინის V6 აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 480 ცხენის ძალაა, ჩვეულ ადგილზე - ავტომობილის უკანა ნაწილშია მოთავსებული და მოძრაობაში უკანა ბორბლები მოჰყავს. ელექტროძრავები კი წინა ბორბლებს ემსახურება.

გარდა ამისა, ჰიბრიდულ სისტემაში შედის კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა (კერს-ი), რომელიც ფორმულა 1-ის ინგლისური გუნდის, ”უილიამსის” სპეციალისტების მიერაა შემუშავებული და დამუხრუჭების დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს. ეს სისტემა ავტომობილის მარჯვენა ნაწილში, იმ ადგილზეა მოთავსებული, რომელიც ჩვეულებრივ ავტომობილებში მგზავრის სავარძელს უკავია ხოლმე. მასში, მქნევარა გენერატორთანაა დაკავშირებული, რომელიც გამომუშავებულ ენერგიას მცირე ზომის აკუმულატორში აგროვებს.

კერს-ის სიმძლავრის პიკი 120 კილოვატს, ანუ 160 ცხენის ძალას აღწევს. სისტემაში ენერგიის დამგროვებლის მოვალეობას თავისუფალი მქნევარა ასრულებს. მასში დაგროვილ ენერგიას კი პილოტი თავისი სურვილის შესაბამისად იყენებს. ის აწვება საჭის რგოლზე მოთავსებულ ღილაკს და მაშინვე, აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია ელექტროძრავებს მიეწოდება, რომლებიც თავიანთ მაბრუნ მომენტს წინა ბორბლებს მიაწვდიან. ამ სისტემას 78 წამის განმავლობაში შეუძლია მუშაობა, რის შემდეგაც აკუმულატორები განიმუხტება.

ჯერჯერობით, ”პორშეს” არ გამოუქვეყნებია ჰიბრიდული 911 GT3 R-ის დინამიკური მახასიათებლები. გერმანული კომპანია ამ ინფორმაციას ჟენევურ გამოფენაზე გაგვაცნობს.

სამაგიეროდ, ”პორშეს” შეფმა მიხაელ მახტმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის გუნდი, მსგავსი სისტემით აღჭურვილ ავტომობილს ლე მანის 24-საათიანი რბოლისთვისაც მოამზადებს.

No comments:

Post a Comment