Monday, March 29, 2010

”ჰოგარი” - პიკაპი პეჟოსგან

Peugeot Hoggar Unveiled

29 მარტი

ფრანგულმა საავტომობილო კომპანია ”პეჟომ”, სამხრეთ ამერიკის ბაზრისთვის დაამზადა პიკაპი სახელწოდებით ”ჰოგარ”, რომელიც ”ლომების” ძველი მოდელის, ”პეჟო 206-ის” ბაზაზეა დამზადებული და არა 207-ისა, რომელიც ევროპაში იყიდება.

”ჰოგარი” არის მოდელ 206-ის ბაზაზე შექმნილი მეხუთე ავტომობილი, რომელსაც ფრანგული კომპანია სამხრეთ ამერიკაში ჰყიდის. წინა ოთხია სედანი, ჰეჩბეკი, უნივერსალი SW და ამ უკანასკნელის ვერსია ”SW ესკაპადი”.

”პეჟოს” სამხრეთ ამერიკული დივიზიონის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომ ”ჰოგარის” საბარგულის მოცულობა 1151 ლიტრია, მისი ტვირთამწეობა კი 742 კილოგრამს აღწევს. კომპანიის მარკეტოლოგთა ვარაუდით, ამ მონაცემების წყალობით, ”ჰოგარი” სამხრეთ ამერიკის ბაზარზე მალე პოპულარული გახდება.

ცნობისათვის, სახელი ”ჰოგარი” ავტომობილმა ამავე სახელწოდების მქონე უგზოობის ექსტრემალური კონცეპტუალური მოდელისგან მიიღო. თვითონ სიტყვა ჰოგარი კი თურმე თავის თავში სამ რამეს - გამძლეობას, ძალას და მოქმედებას აერთიანებს, ყველა იმ თვისებას, რომლებიც პიკაპის კლასის ავტომობილებისთვისაა დამახასიათებელი.

”ჩვენი პიკაპი არის მაცდუნებელი, დინამიური და ბრგე ავტომობილი, რომელმაც მეტწილად მამაკაცი მყიდველი, თავისი მრავალფეროვანი და განსხვავებული, ასევე განსაკუთრებული სტილით უნდა მიიზიდოს. ამ ავტომობილით, ”პეჟოს” პიკაპების კლასში ცდუნებისა და ემოციის ელემენტი შემოაქვს”, - ნათქვამია ”პეჟოს” მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში.

”პეჟო” თავის პიკაპს ქალაქ რიო დე ჟანეირუს (ბრაზილია) პორტუ რეალის ქარხანაში გამოუშვებს. ფრანგული კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილის დახმარებით, ბრაზილიის სწრაფად მზარდ ბაზარზე, პიკაპების სეგმენტში 10-პროცენტიან ულუფას მოიპოვებს. ბრაზილიაში ”ჰოგარის” ოფიციალური პრეზენტაცია 15 მაისს ჩატარდება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ავტომობილები, რომლებიც თხევად გაზზე მუშაობს. ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციაც პრეზენტაციაზევე გამოცხადდება.

No comments:

Post a Comment